აბაშიშვილი: საარჩევნო კამპანიის საკანონმდებლო ნაწილის ადრე ამოქმედება მრავალმილიონიან ხარჯს გამოიწვევდა

საქართველოს პრეზიდენტმა 6 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა დღეს კონტრასიგნაციისათვის პრემიერ-მინისტრისადმი მის მიერ გაგზავნილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ განკარგულება, რომლის მიხედვითაც არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი განისაზღვრა, ძალაში არა დღეს, არამედ 8 აგვისტოს შედის. შეიცვალა თუ არა რამე ერთ დღეში გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგან მას გუშინ სიტყვით გამოსვლისას არ უხსენებია, რომ განკარგულება ძალაში 8 აგვისტოს შევიდოდა – ნეტგაზეთის შეკითხვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პასუხობს:

აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა ერთ დღეში. აქ საკითხი დგას ასე: თვითონ პრეზიდენტის განცხადება არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე გაკეთდა ზუსტად იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო უფრო მეტად პროგნოზირებადი ყოფილიყო, რათა პოლიტიკურ პარტიებს ჰქონოდათ მეტი დრო მომზადებისთვის და რაღაცნაირად დაგვერღვია ის მანკიერი ტრადიცია, რომელიც ხშირად იჩენდა ხოლმე თავს, როცა პარტიები სულ ბოლო მომენტში იგებდნენ ხოლმე არჩევნების თარიღს და მომზადებისთვის დრო არ რჩებოდათ. თვალს თუ გადაავლებთ [წინა არჩევნებს], ამის ამსახველ არაერთ განცხადებას ნახავთ, სადაც პარტიები საუბრობენ, რომ ჯობდა ადრე სცოდნოდათ თარიღი. ამიტომ დაანონსდა 6 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ ეს თარიღი. მაგრამ აქ არის ორი მომენტი: კანონის თანახმად არჩევნები უნდა დაინიშნოს არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან არაუგვაინეს ორი თვით ადრე. ზუსტად ამიტომ პრეზიდენტის განკარგულების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 8 აგვისტო…

განკარგულების უფრო ადრე ამოქმედება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიწვევდა მრავალმილიონიან ხარჯს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსების კუთხით, რაც არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გამართლებული არ იქნებოდა. ერთი მხრივ, პრეზიდნეტმა პოლიტიკური გარემო პროგნოზირებადი გახადა არჩევნების 6 თვით ადრე დააანონსებით და, ამავდროულად, განისაზღვრა გონივრული ვადა ოფიციალური თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით. ესაა ამ ყველაფრის მთელი არსი.

ის, რასაც თქვენ ახლა განმარტავთ, გუშინვე ჰქონდა გააზრებული პრეზიდენტს და ადმინისტრაციას, როცა ის განცხადება გაკეთდა. თუ მას შემდეგ კიდევ  შეიცვალა რამე? მაგალითად, დამატებითი კონსულტაციები…

ყველა გადაწყვეტილებაზე ყოველთვის წინასწარ ვფიქრობთ ძალიან ბევრს.

მაშინ რატომ არ თქვა პრეზიდენტმა გუშინ ის, რაც თქვენ დღეს გვითხარით?

დღეს განკარგულება გამოვიდა. გუშინ იყო პრეზიდენტის სიტყვიერი განცხადება და, ბუნებრივია, განკურგულებით ამოქმედდა ვადები. განკარგულების ენით გუშინ პრეზიდენტი, ბუნებრივია, ვერ ილაპარაკებდა.

თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა და მთავრობამ ერთდროულად მიიღეს?

როდესაც ვსაუბრობთ კონტრასიგნაიცაზე, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს შეთანხმება. იმისათვის, რომ რაიმე ტიპის ხარვეზი ან სიურპირიზი არ არსებობდეს, ეს უნდა იყოს შეთანხმებული. სწორედ ამიტომ მოხდა პრეზიდენტის და პრემიერის შეთახნმება თარიღთან დაკავშირებით გუშინ.

რაც შეეხება კონტრასიგნაციის საკითხს და იმას, თუ რამდენად სჭირდებოდა პრეზიდენტს მთავრობის დამოწმება, როცა საპრეზიდნეტო არჩევნების თარიღს ნიშნავს. როგორ განმარტავს ამ მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთგვარ წინააღმდეგობრვ გარემოებებს კანონმდებლობაში?

ასბოლუტურად არ არის წინააღმდეგობრივი. ეს საკითხი კონტრაასიგნაციას საჭიროებს. ეს განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. სხვათა შორის, ძალიან ნათლადაა განსაზღვრული და პირიქით მიკვირს, რატომ წარმოიშვა ამდენი კითხვა კონტრასიგნაციასთან დაკავშირებით. შემდეგ ეს ყველაფერი ფორმულირებულია საარჩევნო კოდექსში. აქ ბუნდოვანება არ არსბეობს. ჩემი ინფორმაციით, იმ ეპქსერტთა ნაწილმა, ვინც ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშები დასვა, დღეს აღნიშნა, რომ კონტრასიგნაცია საჭიროა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com