კომენტარი

სლავა მეჟდოიანი: “არსებობს არმენოფობიის პრობლემა საქართველოში”

28 ივლისი, 2011 • 1659
სლავა მეჟდოიანი: “არსებობს არმენოფობიის პრობლემა საქართველოში”

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი სლავა მეჟდოიანი, რომელიც, ასევე, წარმოადგენს ორგანიზაციას – “ევროპულ–სომხური ფედერაცია სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის”, აცხადებს, რომ ქართულ მედიაში ბოლო დროს ინტენსიურად გამოიყენება სიძულვილის ენა რელიგიური უმცირესობების მიმართ. მისივე თქმით, ქსენოფობური გამონათქვამები და სიძულვილის ენა, ძირითადად, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიმართ გამოიყენება, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად ქართულ საზოგადოებას:

 

– სიძულვილის ენის პრობლემა საქართველოში – ეს არ არის სიახლე. ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და, ძირითადად, გამოიყენება ეთნიკური სომხების მიმართ იმდენად, რამდენადაც არსებობს არმენოფობიის პრობლემა საქართველოში. ივლისის მოვლენებმა აჩვენა, რომ ქსენოფობური გამონათქვამებისა და სიძულვილის ენის გამოყენებას 90%–ის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სომხების მიმართ.

ანუ თქვენ თვლით, რომ ეს პრობლემა უფრო თვალნათელი გახდა ივლისის თვეში, მას შემდეგ, რაც ცვლილებები შევიდა სამოქალაქო კოდექსში რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით?

– ეს იყო პიკი, ალბათ, ამ არმენოფობური გამოხატულებების და ხდება ამის ტირაჟირება მედიით, რაც მეტად სამწუხაროა. თუმცა წლების მანძილზე იბეჭდებოდა არმენოფობური სტატიები ქართულ მედიაში, ქართულ გაზეთებში, წიგნებიც კი იბეჭდებოდა, მაგალითად, ბონდო არველაძის ან მარხულიასი, რომლებშიც აშკარად ჩანს შუღლის ენის გაღვივების მცდელობა. ნუ, ადამიანი რომ წაიკითხავს, მესიჯი არის ის, რომ სომხები არიან საქართველოს მტრები და საფრთხე არსებობს სერიოზული საქართველოსთვის.

ორი ტიპის პრობლემას დავინახავთ, თუ გადავავლებთ თვალს ქართული მედიის მუშაობას ივლისის თვეში: ერთია ის, რომ აგრესიულად და გაზვიადებულად ხდებოდა მოვლენის გაშუქება და მეორე – ინტერვიუები, როდესაც რესპონდენტების საუბრიდან ამოჭრილი იყო ყველაზე მწვავე  ფრაზები, რომელთაც შეიძლება მეტი ინტერესი გამოეწვია საზოგადოების და ასე ხდებოდა განსახილველი საკითხის დაკნინება. ორივე შემთხვევაში იყო დარღვეული ჟურნალისტური ეთიკა და  უნდა მოხდეს ამაზე გარკვეული რეაგირება.

– როდესაც იბეჭდება ასეთი სტატიები, რომლებშიც, როგორც ამბობთ, ადგილი აქვს სიძულვილის ენის გამოყენებას, არმენოფობურ გამონათქვამებს, მიმართავთ ხოლმე მედიის თვითრეგულაციის ორგანოებს, რომლებიც იხილავენ ამ ტიპის საჩივრებს, რაც დაკავშირებულია ჟურნალისტურ ეთიკასთან?

– ჩვენი ორგანიზაცია განიხილავს მაგ საკითხს, მაგრამ რამდენადაც გამოცდილება გვიჩვენებს, ამდაგვარი მექანიზმებისთვის მიმართვა უშედეგოა ხშირად და ამიტომ ჩვენ არ ვთვლით სტრატეგიულ მიზნად, რომ მხოლოდ და მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმები უნდა იქნას გამოყენებული. პირველ რიგში, ასეთი საკითხის დარეგულირების ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც გამოირჩეოდა ამ ივლისის დღეებში თავისი პასიურობით, რაც ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ყოვლად მიუღებელია.

– რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ასეთ შემთხვევაში?

– ევროპაში არსებობს ამის პრაქტიკა – უნდა მოხდეს სიძულვილის ენის, ქსენოფობური ხასიათის გამოვლინებებისა და ქმედებების კრიმინალიზაცია, რაც იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ამით უნდა დარეგულირდეს.

– ანუ თვლით, რომ ეს საკითხი სახელმწიფო რეგულაციის ქვემდებარე უფროა, ვიდრე – მედიის თვითრეგულაციის?

– ორივე უნდა მუშაობდეს. სახელმწიფოს ჩარევა თვითრეგულაციის გარეშე იქნება უხეში ჩარევა მედიის საქმიანობაში და შეიძლება ჟურნალისტების უმრავლესობამ ეს ჩათვალოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად. როცა მოხდება ორივე ფრონტით ბრძოლა, ეს უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს.

საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა. მას აქვს კონფლიქტები ეთნიკურ საფუძველზე და, მითუმეტეს, გვმართებს მეტი სიფრთხილე ამ კუთხით. უნდა დაინერგოს ტოლერანტობა და ეს სახელმწიფო დონეზე უნდა შემუშავდეს. ძირითადად, ეს უნდა იყოს მიმართული უმრავლესობაზე – ქართულ ეთნოსზე, რადგანაც იქ არსებობს ძალიან დიდი დოზით ქსენოფობური, არმენოფობური განწყობები, რაც დაგვანახა ივლისის დღეებმა, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა.

– რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს სიძულვილის ენის, ქსენოფობიის მედიით ტირაჟირებამ ქვეყანას და მთლიანად საზოგადოებას?

– პირველი მაგალითი, ასე ვთქვათ, დღეს ავლაბრის, სომხური ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, ღვინის აღმართის ქუჩაზე გამოჩნდა, სადაც ერთ–ერთ კედელზე გაკეთდა წარწერა – შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომლებიც სომხების მიმართ არის გამოხატული. აი, ეს არის საფრთხე. ეს გვახსენებს ჰიტლერის დროინდელ გერმანიას, როცა გერმანიაში კედლებზე ყველგან ეხატა შეურაცხმყოფელი სიტყვები ებრაელების მიმართ. ასე იწყება საფრთხე, რომელიც არ არის მოგონილი და არ არის სადღაც მომავალში, არამედ არის დღეს და ამის განკურნება უნდა დაიწყოს დღესვე როგორც საზოგადოებამ, ისე – ხელისუფლებამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი