კონსპირაციული თეორიების არ მჯერა, თუმცა ორიოდე დღის წინ მაინც უცნაურ დამთხვევას ჰქონდა ადგილი: 8 ივლისისთვის დაგეგმილი საქართველოში ფემინისტების პირველი ქუჩის აქციის წინ, ჟურნალ ტაბულას 4 ივლისის ნომერში (# 63) დაიბეჭდა ლევან სუთიძისა და შოთა ფევაძის ერთბლივი სტატია „ფემინიზმმა რა ჰქმნა. აბორტიდან გინოციდამდე.“ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში თავს იჩენს ტენდენცია, რომელიც უკვე კანონზომიერებადაც იქცა: საქართველოში ქალების ნებისმიერი თვითგამორკვევის მცდელობას და ამ მხრივ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯს პრესაში (ბეჭდვითსა თუ ელექტრონულში) ფემინისტური მოძრაობისა და ღირებულებების მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვება ხოლმე. მხოლოდ ამჯერად პირიქით მოხდა: დისკრედიტაციამ დაასწრო პრაქტიკულ ნაბიჯებს. საგულისხმოა, რომ ჟურნალი „ტაბულა“ 8 მარტის შემდეგ ფემინისტური თემატიკით არ დაინტერესებულა და რატომღაც მხოლოდ ივლისის სიცხეში გაახსენდა ფემინიზმის მავნე და მმუსვრელი გავლენა საზოგადოებაზე. მაგრამ როგორც გითხარით, კონსპირაციული თეორიების არ მჯერა… ამიტომაც მოვიშორებ ეჭვებს იმის შესახებ, რომ დისკურსის შემქმნელი ინტელექტუალური ელიტა ჩვენს პატარა ქვეყანაში სულ თითზე ჩამოსათვლელი და ერთმანეთის ნაცნობია, ხოლო ნაცნობებისგან დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება და მისი წინასწარი დისკრედიტაციის მცდელობაც ფრიად იოლი… მოკლედ, როგორც გითხარით, ეჭვებს ვიშორებ და ავტორების ტექსტს ვუბრუნდები.
ავტორები ლევან სუთიძე და შოთა ფევაძე დამაჯერებლად გვიცხადებენ, რომ „მას შემდეგ, რაც ფემინისტური მოძრაობის დიდი დამსახურებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აბორტი ლეგალური გახდა, ითვლება, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მეტი თავისუფლება აქვთ. თუმცა იმისთვის, რომ ქალებმა თავისუფალ გარემოში იცხოვრონ, ჯერ ისინი უნდა გაჩნდნენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ დედების უმრავლესობა „აბორტის თავისუფლებას” ხშირად, სწორედ გოგოების მოსაცილებლად იყენებს. სელექციური აბორტები სქესობრივ თანაფარდობას მნიშვნელოვნად არღვევს და ფემინისტური მიდგომების წინააღმდეგობრივ ხასიათს ავლენს.“ ამ თეზისის საილუსტრაციოდ კი მათ მოჰყავთ სელექციური აბორტების სტატისტიკა ისეთი პატრიარქალური ქვეყნებიდან, როგორიც დღევანდელი ინდოეთი და ჩინეთია, ხოლო სელექციური აბორტების მიზეზს არა იქაური საზოგადოების პატრიარქალურობაში, არამედ ულტრასონოგრაფიის აპარატის გამოგონებასა და ფემინისტურ მოძრაობაში ხედავენ (თითქოს ეს უკანასკნელი ან ჩინეთში ან კი ინდოეთში იყოს რეპრეზენტატული). ამ მონაცემების და არარელევანტური სტატისტიკის (არარელევანტურის, რადგან როდესაც ფემინიზმზე როგორც ღირებულებათა სისტემაზე მსჯელობ, მისი შედეგების ამსახველი სტატისტიკა შორეულ აღმოსავლეთში კი არა დასავლეთის ქვეყნებში უნდა ეძებო), ავტორები ასკვნიან, „ფაქტია, რომ აბორტის აკრძალვის შემთხვევაში, ეს არ მოხდებოდა. საქართველოში მშობლები აბორტს სექსისტური თუ პრაგმატული მოსაზრებებითაც იკეთებენ, თუმცა ამ გზას უპირველესად იმიტომ მიმართავენ, რომ ეს შესაძლებელია.“ ანუ ავტორები გვარწმუნებენ, საქართველოში სელექციური აბორტების პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ აბორტი ლეგალურიაო და არა იმაში, რომ რიგითი ქართველი, პატრიარქალური სტერეოტიპების ტყვე მშობელი შვილებს გამოარჩევს და უპირატესობას ბიჭ შვილს ანიჭებს გოგოსთან მიმართებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ზემოთხსენებულ სტატიაში სახეზეა აბორტის აკრძალვისაკენ ფარული თუ პირდაპირი მოწოდება მეტი დამაჯერებლობისთვის გაჯერებული შორეული აღმოსავლეთის მაგალითებითა და სტატისტიკით.
ავტორებს რომ შორეული აღმოსავლეთის სტატისტიკაში ძიების მაგივრად შედარებით ახლო და ისტორიულად მსგავსი განვითარების მქონე აღმოსავლეთ ევროპისკენ მიემართათ მზერა, – აი თუნდაც პოლონეთის მაგალითით ემსჯელათ, – იოლად აღმოაჩენდნენ საკუთარი დასკვნების დილეტანტურობასა და არათანმიმდევრულობას.
პოლონეთში 1993 წლიდან კომუნისტური რეჟიმის დასრულების და კათოლიკური ეკლესიის მძლავრი გავლენის შედეგად ორსულობის შეწყვეტის ხელმისაწვდომობა (იგივე აბორტი) კანონით რადიკალურად იქნა შეზღუდული მხოლოდ სამედიცინო მიზეზების, გაუპატიურების ან ემბრიონის განუვითარებლობის შემთხვევებზე. მიუხედავად ამისა, „ქალებისა და ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის“ პოლონური ბიუროს ცნობით, იქ არალეგალური აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად სულ მცირე 80 000-იდან 200 000-მდე მერყეობს. პოლონეთში 1990 წლამდე რეგიტრირებული აბორტების რიცხვი წელიწადში 100 000-ს აღემატებოდა. 1999 წელს „ქალებისა და ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის“ მიერ პოლონეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აბორტების აკრძალვასთან ერთად გაჩნდა „აბორტების შავი ბაზარი“ და ყოველწლიური არალეგალური აბორტების რიცხვი სულ მცირე 80 000-ს გაუთანაბრდა, რაც 1990 წლამდე არსებულ აბორტების რიცხვს უახლოვდებოდა. მხოლოდ „შავ ბაზარზე“ აბორტები როგორც წესი არაპროფესიონალების მიერ კეთდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ქალებს არ ჰქონდათ საკმარისი თანხები მიემართათ კერძო კლინიკისათვის, სადაც აბორტებს, მიუხედავად კანონით აკრძალვისა, კოლოსალური თანხების სანაცვლოდ მაინც აკეთებდნენ. არაპროფესიონალურად ჩატარებული აბორტი კი ქალისთვის სასიცოცხლო რისკებთანაა დაკავშირებული. აბორტების აკრძალვის შემდეგ პოლონეთში თითქმის გასამმაგდა სამშობიაროში დატოვებული ახლადდაბადებული ჩვილების რიცხვი და 6 წელიწადში ყოველწლიური მაჩვენებელი 252-იდან (1993 წლის მონაცემები) 737-მდე (1999 წლის მონაცემები) გაიზარდა. შობადობის რიცხვი მთავრობის იმედის საწინააღმდეგოდ არ გაზრდილა, არამედ შემცირდა და დღეისათვის თითო ქალზე 1,24 ბავშვი მოდის, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში, მაშინ როდესაც პოლონეთი ქალების მიერ პირველი ბავშვის გაჩენის ასაკობრივ სტატისტიკაში ევროპის მასშტაბით ლიდერობს (საშუალოდ 27 წელი).
პოლონეთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ აბორტების აკრძალვა არ აუქმებს იმ მიზეზებს, რომლებიც აბორტის საჭიროებას იწვევს. პოლონეთში არალეგალური აბორტების მიზეზი არც მეტი არც ნაკლები ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე უფრო ცუდად წარმოებული საოჯახო პოლიტიკაა, ანუ ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე დაბალია სახელმწიფოს მიერ დაწესებული სოციალური გარანტიები ოჯახებისათვის, რომლებსაც ბავშვები ყავთ. პოლონეთში ასეთი ყოველთვიური დახმარება ორშვილიან ოჯახზე მხოლოდ 22 ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც იგივე რაოდენობის ბავშვებზე გამოყოფილი საოჯახო დახმარება ლუქსემბურგში ყოველთვიურად 611 ევროა.
საქართველოში ორშვილიან ოჯახზე საერთოდ არ არსებობს არანაირი სოციალური დახმარება. ღვთაებრივი მადლიც კი კათალიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მესამე და შემდეგი შვილების გამჩენ ოჯახებზე გადმოდის, ისიც იმ შემთხვევაში თუ ამ ბავშვების ნათლია თავად პატრიარქია. 2009 წელს საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 24 311 აბორტი დაფიქსირდა. ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ ქვეყანაში აბორტების რეალური ციფრი დაახლოებით 7–ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.
სტატისტიკა მოწმობს, რომ აბორტის კრიმინალიზაცია ანუ აკრძალვა არ ამცირებს აბორტების რაოდენობას, რადგან აბორტის აკრძალვით არ მცირდება ის მიზეზები, რაც აბორტის საჭიროებას ბადებს. აბორტის მიზეზების აღმოფხვრის გზებს ევროპელები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების გზით მომავალი მშობლების ფინანსური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში ხედავენ და არა აბორტების აკრძალვაში.
მაშინ როდესაც „ტაბულას“ ავტორები ხელაღებით გვთავაზობენ აბორტის აკრძალვას როგორც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს და თან ამ სიტუაციაში ფემინიზმსაც ადანაშაულებენ (სხვას კი რას ნიშნავს სტატიის სათაური „ფემინიზმმა რა ჰქმნა“?), არაფერს ამბობენ იმაზე, რომ აბორტების რაოდენობის შემცირება საქართველოში სექსუალური განათლების პროპაგანდას და კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების რეკლამირებასაც შეუძლია. სექსუალური განათლების სასკოლო პროგრამაში ჩართვასთან დაკაშირებული ისტერია, რომელიც განათლების სამინისტროს 2004 წლის ინიციატივას რელიგიური თუ საზოგადოებრივი წრეების მხრიდან მოჰყვა, ჯერ კიდევ ყველას კარგად გვახსოვს. იმ კითხვის დასმა, – თუ რამდენი აბროტის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი განვლილი შვიდი წლის მანძილზე, ეს ინიციატივა რომ ერის სულიერი მამების მხრიდან „ახალგაზრდობის გარყვნად“ არ შერაცხულიყო? – დღეს მხოლოდ რიტორიკულია. როდესაც აბორტის აკრძალვის მოწოდება ისმის რელიგიური წრეებიდან, ეს შეიძლება კიდევ ახსნადი იყოს, მაგრამ როდესაც ეს ინიციატივა დემაგოგიურად შეფუთული და ინდოეთისა თუ ჩინეთის მაგალითებზე მოყვანილი არარელევანტური სტატისტიკით გაჯერებული იბეჭდება ლიბერტარიანული ღირებულებების პლატსდარმად თავის მომააზრებელ გამოცემაში, მაშინ ეს უკვე დასაფიქრებელი სინდრომია. რატომ არის „ტაბულას“ ავტორების მიერ მოყვანილი სტატისტიკა არარელევანტური? იმიტომ რომ ინდოეთსა და ჩინეთს საქართველოსთან არც მსგავსი კულტურული, სოციალური ან პოლიტიკური წარსული აქვს და არც მათი განვითარების მოდელია ჩვენთვის მისაბაძი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სტატიის სათაურს „ფემინიზმმა რა ჰქმნა?“ ზემოთხსენებული ქვეყნებიდან მოყვანილი სტატისტიკა სწორედ რომ არ შეესაბამება, რადგან ინდოეთში ან ჩინეთში აყვავებული ფემინიზმი ჯერ არავის უნახავს.
საქართველოში ბოლო წლების მანძილზე რელიგიური რიტორიკის გაძლიერებასთან ერთად დაიწყო პროცესი, რომელსაც აბორტების „მორალური კრიმინალიზაცია“ შეიძლება ეწოდოს. ბავშვის გაჩენა, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ საქართველოს ეკლესიაც და მოსახლეობაც ამ საკითხს პირველი საუკუნის ქრისტიანი მამებივით უყურებს და როგორც კლიმენტ ალექსანდრიელს ჩვენი წელთ აღრიცხვის 2-3 საუკუნეში, დღესაც რიგით ქართველს მიაჩნია, რომ შვილების შობით იგი თავის პატრიოტულ ვალს იხდის ქვეყნის წინაშე. ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ პატრიოტული ვალი უფრო მეტია, ვიდრე სამი და მეტი შვილის შობა, მაგრამ თუ მას მაინც შობადობაზე დავიყვანთ, პატრიოტული ვალი ამ შვილების აღზრდა (და არა მხოლოდ გაზრდა), მათთვის სათანადო განათლების მიცემა და მათი ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის პირობების შექმნაა. მხოლოდ შობა და შემდეგ შვილთან ერთად ლუკმა-პურისთვის ქუჩაში მათხოვრობა, რისი მომსწრეც ბოლო 20 წლის მანძილზე ეტაპობრივად ვართ თბილისის ქუჩებში, ზრდასრული ადამიანების მხრიდან სწორედ სრული უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა საკუთარი თავის და საკუთარი შვილებისადმიც. მორწმუნე მრევლს არავინ აძალებს აბორტის გაკეთებას, მაგრამ მორწმუნე მრევლს და მათი იდეების გამხმოვანებელ მედია-საშუალებებს არა აქვთ უფლება საკანონმდებლო დონეზე მინიჭებული აბორტის უფლება წაართვან საქართველოს მოქალაქე ქალებს (მით უმეტეს, რომ თავად ეს მრევლიც არაერთგზის მიმართავს ან მიუმართავს აბორტისათვის).
8 ივლისს გამართულ აქციაზე ქართველი ფემინისტები სწორედ იმას ითხოვდნენ, რომ საქართველოში არარსებული სოციალური გარანტიების პირობებში ქალებს მათი სხეულის და მომავლის განკარგვის უფლება შენარჩუნებული ჰქონდეთ, თუნდაც რომ ამ შენარჩუნების გზა აბორტი იყოს. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა იყო ქალთა სხეულებრივი ავტონომიის პატივისცემა, ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვა და სექსუალური განათლების შემოღება საქართველოში. დღეს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამები, რაც ქალს – რომლისთვისაც ქვეყანაში მომქმედი გაუმართავი შრომის კოდექსის გამო დეკრეტულ შვებულებაში გასვლა, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ კერძო სექტორში სამსახურის დაკარგვას გულისხმობს, – იმ გზასღა უტოვებს, რომ ქმრის შინამოსამსახურედ იქცეს. შესაბამისად, საქართველოში დღემდე აქტუალურია ის რეალობა, რასაც ჯერ კიდევ კლარა ცეტკინი ქალების სოციალურ მონობას უწოდებდა და რის გამოხატულებასაც იგი 19-ე საუკუნის გერმანიაში ქალების ფინანსური დამოუკიდებლობის არარსებობაში ხედავდა.
„ტაბულას“ ავტორების მიზანი ცხადია, დიადი, ნათელი! ბოლო 20 წლის მანძლზე ქალთა ორგანიზაციები დღეს ყველაზე მეტად აქტიურობენ საქართველოში. სამწუხაროდ ასეთი სტატიები თავისი პათოსით მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს რეალობას ჩამოგავს, როდესაც ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ქალთა თვითგამორკვევისკენ მიმართული პუბლიკაციების საპასუხოდ სხვა გამოცემებში ჩნდებოდა ხოლმე მავანთა, მაგალითად ვინმე ექვთიმე ვაშაკიძის წერილები ( მაგ. იხ. „დედათა კითხვა თანამედროვე მეცნიერების წინაშე“, 1897წ. „მოამბე“) იმაზე, თუ როგორი მავნე იყო ქართული საზოგადოების მომავლისათვის ქალების გააქტიურება საკუთარი უფლებების დასაცვად ან მათი შრომით ბაზარზე გამოსავლა. ვაშაკიძე და მისი თანამოაზრეები ისტორიას მხოლოდ ამგვარი რეტროგრადული პუბლიკაციების ავტორებად შემორჩნენ.
იმედია ლევან სუთიძეს და შოთა ფევაძეს არ სურთ ამგვარ წინამორბედთა კვალის გაგრძელება. იმედია, არც „ტაბულას“ სურს, რომ დაერქვას რეგრესული ჟურნალი ქართულ მედია-სივრცეში.
P. S. ვინაიდან ქართველი მკითხველების ფანტაზია დიდია და სავარაუდოდ სტატიის კომენტარებში მალე გაჩნდება კითხვა: „შენ რამდენი აბორტი გაქვს გაკეთებული ავტორო?“, აქვე დავაკმაყოფილებ მათ ცნობისმოყვარეობას და ვიტყვი: არცერთი.
ავტორის შესახებ თათა ცოფურაშვილი არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სწავლობდა და დისერტაცია დაიცვა ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია). |