კომენტარი

თინა ხიდაშელი: ცვლილებებით თავისუფლების ხარისხი იზღუდება

20 ივნისი, 2011 • 1061
თინა ხიდაშელი: ცვლილებებით თავისუფლების ხარისხი იზღუდება

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე “ნეტგაზეთი” რესპუბლიკური პარტიის წევრს, იურისტ თინა ხიდაშელს ესაუბრა:

 

ქალბატონო თინა, ორი თვის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ის ნორმები, რაც შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარებას ადმინისტრაციული შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში კრძალავდა. ქუჩის გადაკეტვის ან კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კი შეკრების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებდა. ახლა უმრავლესობა ისევ ცდილობს გაუქმებული ნორმების დაბრუნებას. როგორ ფიქრობთ, რატომ?

პასუხი ამაზე ძალიან მარტივია, უმრავლესობას არ აინტერესებს არც საკონსტიტუციო და არც არანაირი სასამართლო. ჩვენ ნანახი გვაქვს უფრო მაღალი ინსტანციის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში უმრავლესობის რეაქციები.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, პავლე კუბლაშვილის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები გავლილია ვენეციის კომისიასთან და საერთაშორისო კუთხით პრობლემები არ არის.

კუბლაშვილი იტყუება. მე წავიკითხე ვენეციის კომისიის დასკვნა და არც არავისთვის იქნება რთული იმის დადგენა, ვინ ამბობს ამ შემთხვევაში სიმართლეს და ვინ _ ტყუილს. ნებისმიერი, ვინც მას წაიკითხავს, დარწმუნდება, კუბლაშვილისგან განსხვავებით, თუ რამდენად კრიტიკულია ამ საკითხზე ვენეციის კომისია.
ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ამბობს, რომ აკრძალულია კანონში არსებობდეს რაიმე ტიპის ნორმა, რომელიც ცალსახად კრძალავს რომელიმე ადგილას მიტინგის ჩატარებას. ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებითა და დღეს მოქმედი კანონითაც კი, დადგენილია რიგი შენობებისა, რომელთა წინაც არ შეიძლება მანიფესტაციის ჩატარება. გვაქვს ასევე მეორე სია, რომელიც 20-მეტრიან რადიუსს ითვალისწინებს, მესამე _ 100-მეტრიან რადიუსს. ეს ცალსახად აკრძალულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნებში.

როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ ნორმებთან დაკავშირებით?

მნიშვნელობა არ აქვს იმას, როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება, რადგან არსებობს სტრასბურგის სასამართლოს უზარმაზარი პრაქტიკა. შესაბამისად, ჩვენთვის ის კი არ არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი, რომელ ქვეყანაში როგორ რეგულირდება, არამედ ის, როგორია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა.

რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო გამოხატვის თავისუფლებაზე?

ამბობს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება არ არის სიტყვის თავისუფლება და არ უნდა მოხდეს მათი აღრევა. ეს ისეთი ტიპის თავისუფლებაა, რომელიც ნათქვამ სიტყვასთან ერთად გულისხმობს ფორმასაც. საკუთარი სათქმელის გამოსახატავად აქციების ფორმას ადამიანები ეფექტურად მიიჩნევენ.

ახალი ნორმებით პარლამენტთან აქციების ჩატარება იქნება თუ არა შესაძლებელი?

პარლამენტთან შესაძლებელი იქნება, რადგან იქ 20-მეტრიანი რადიუსის პრობლემა არ იქნება, თბილისის მერიასთან და უზენაეს სასამართლოსთან _ შეუძლებელი. მითუმეტეს, უზენაესი სასამართლო აბსოლუტური აკრძალვის ნაწილშია შეტანილი. აკრძალულია ქუჩის გადაკეტვაც, თუ ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იქნება. მაგალითად, თავისუფლების მოედანზე საკმარისი რაოდენობა შეიძლება 60 ათასი კაცი იყოს, 5-ათასკაციანი აქციით პრობლემა შეიქმნება.

ეს ცვლილებები ძალაში რომ ყოფილიყო, შეცვლიდა თუ არა საქმის ვითარებას მაისის საპროტესტო აქციების დროს?

ეს ნორმა 26 მაისს რომ არსებულიყო, დაშლა უფრო კანონიერი იქნებოდა. ეს ცვლილება არის იმის დადასტურება, რასაც ახლა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდა. იმ აქციის დაშლის დროს ჰქონდათ გარკვეული შეუსაბამობა კანონთან და ახლა ამიტომ შემოაქვთ ის.

რას ნიშნავს „ვადა 15 წუთის ოდენობით”, რომლის განმავლობაშიც ორგანიზატორმა უნდა მოახდინოს უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებაზე რეაგირება?

ეს ძალიან საინტერესო დებულებაა, 15-წუთიანი ვადა განკუთვნილია მითითების შესრულებისთვის. ანუ მაშინვე არ გარბევს, გაფრთხილებს და აქციაზე რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად გაძლევს 15-წუთიან ვადას.

არის ასევე ჩამონათვალი, რომელიც დიდ გაურკვევლობას ტოვებს. მაგალითად, რა ტიპის ნივთების ქონა იკრძალება აქციაზე. როდესაც ლაპარაკია იარაღზე, ფეთქებად ნივთიერებებზე, გასაგებია, მაგრამ ჩამატება, რომელიც ახლა შედის, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, _ მაგალითად, კოკა-კოლას ბოთლით რომ მიხვიდეთ აქციაზე, შეიძლება დაგაპატიმრონ, რადგან რომელიმე პოლიციელმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს ბოთლი სხვა მიზნით იქნება გამოყენებული. წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი, როდესაც ალავიძე იყო თბილისის პოლიციის უფროსი, პატიმრების ცემისთვის გამოიყენებოდა და ერთ-ერთ ყველაზე მძიმე იარაღადაც ითვლებოდა.
სტრასბურგის სასამართლოც და ვენეციის კომისიაც დაუშვებლად მიიჩნევს ფართო ინტერპრეტაციის მქონე ნორმებს. შესაბამისად, ყველა მუხლი მოქალაქის თავისუფლების დასაცავად უნდა იყოს მიმართული და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტებას არ უნდა უწყობდეს ხელს.

არღვევს თუ არა ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას?

აბსოლუტურად. ზოგადად, ამ კანონს ერთადერთი ფუნქცია აქვს _ გაზარდოს თავისუფლების ხარისხი. სტრასბურგის სასამართლო და ვენეციის კომისია ამბობს, _ არ შეიძლება კანონს ერქვას შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და ამავე დროს, იგი ადგენდეს შეზღუდვებს. ამისთვის ყველა ქვეყანაში არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თუ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც კონკრეტულ კანონდარღვევას არეგულირებს. ამდენი ნორმა თავისუფლების შესახებ კანონში, მითუმეტეს, როცა დემოკრატიაზე გაქვს პრეტენზია, სასაცილოა.

2004 წლიდან ამ კანონში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. რატომ არის საჭირო პერმანენტული ცვლილებები?


ცვლილებები ამ კანონში ყოველთვის აქციების შემდეგ შედიოდა. მაგალითად, 2009 წლის გაზაფხულის აქციების შემდეგ აიკრძალა კონსტრუქციები საკნების გამო. მაშინ გაჩნდა 20-მეტრიანი რადიუსიც. ჯერ ნახავენ აქციებზე რა ხდება, რას აკეთებს ხალხი და იმის შესაბამისად შეაქვთ აკრძალვები.

ნიშნავს თუ არა ამ ნორმების დაბრუნება იმას, რომ საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულება იქნება უგულვებელყოფილი?

ცალსახად. ვფიქრობ, ეს სრულიად მიზანმიმართულად გაკეთდა იმისთვის, რომ ვინმეს მომავალში შემთხვევით რაიმე ილუზიები არ გაგვჩენოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი