ახალი ამბები

სახალხო კრების აქცია თბილისში– 24მაისი – განახლებადი რეჟიმი

24 მაისი, 2011 • 1520
სახალხო კრების აქცია  თბილისში– 24მაისი – განახლებადი რეჟიმი

19:40 ნეტგაზეთი,თბილისი ლევან გაჩეჩილაძე, ქართული პარტიის ლიდერი, სახალხო კრების აქციაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან სიტყვით გამოვიდა. გაჩეჩილაძეს აქციის მონაწილეები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

“არ მიძლებს გული, აქ არ ვიყო, თქვენთან, ნებისმიერი თბილისელის ოჯახში ის ემოცია უნდა იყოს, როგორიც ახლა ჩემს გულშია. არაფერი გამოვა ერთმანეთზე ეჭვიანობით,რომელიც კლავს. ეს პირველობის გამო იქნება თუ რის გამო, არ აქვს მნიშვნელობა. არ გამიხარდება ლევანის ყვირილი, საქართველო არის უპირველეს ყოვლისა. ვიყოთ მხნედ, არ შეიძლება შიში შემოგვეპაროს გულში. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, არ არის თბილისში და საქართველოში არც ერთი ოჯახი,რომელსაც გულში არ ჰქონდეს მოხვედრილი ამ ხელისუფლებისგან. უმაგათოდ არაფერი გამოვა. მხოლოდ გვიყურებენ, აქ რას გავაკეთებთ”,–განაცხადა გაჩეჩილაძემ აქციაზე.

18:41 ნეტგაზეთი, თბილისი ლევან  გაჩეჩილაძე და კოკა გუნცაძე , ქართული პარტიის ლიდერები, სახალხი კრების აქციაზე მივიდნენ: „ჩვენ დავდგებით იქ, სადაც არის ხალხი“,–განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ აქციაზე. სხვა კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება – განაცხადეს მათ. აქციაზე ასევე მივიდა  ლევან გაჩეჩილაძე ძმა, გიორგი გაჩეჩილაძე, უცნობი. თუმცა სიტყვით არ გამოსულა. როგორც ქართული პარტიის პრესსამსახურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, სოზარ სუბარის განცხადება, რომლის მიხედვითაც, პარტიის ნებისმიერ წევრს აქვს სრული თავისუფლება, საკუთარი შეხედულების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, მივა თუ არა ამ აქციაზე”,–ნიშნავს, რომ არ არის შეზღუდული არავინ, და ნებისმიერს, მათ შორის ლიდერსაც, აქვს სრული თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა სახალხო კრების აქციაზე მისვლა.კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული პარტიასთან ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილება, მისულიყო სახალხო კრების აქციაზე, ქართული პარტიის პრესსამსახურმა ასე უპასუხა:”ალბათ, შეთანხმებული იყვნენ, იმიტომ,რომ კომუნიკაციის ნაკლებობას არ უჩივიან”.

17:35 ნეტგაზეთი, თბილისი ლუკა კურტანიძემ პოლიციას ის საბუთები ჩააბარა, რომლებიც აქციაზე 22 მაისს  საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე მანქანებით შემოსულ ადამიანებს გადმოუვარდათ ავტომობილიდან. შეგახსენებთ, რომ 22 მაისს აქციაზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“–ის მხრიდან რამდენიმე ავტომანქანა მივიდა, რომლიდანაც მოქალაქეები გადმოვიდნენ,  შეერივნენ მომიტინგეებს  და მათ ქვების და ჯოხების სროლა დაუწყეს.  შეხლა–შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სახალხო კრების აქტივისტებმა და შეფიცულთა რაზმის წევრებმა  მანქანებით მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს. აღნიშნული მანქანებიდან სახალხო კრების წარმომადგენლებს ხელში ჩაუვარდათ საბუთები და მანქანის გასაღები. როგორც სახალხო კრების პრესსამსახური აცხადებს, საბუთების მიხედვით, მათ გაარკვიეს,რომ მათი მფლობელები პოლიციისა და გამგეობების თანამშრომლებიც იყვნენ.

ავტომობილიდან ამოღებული საბუთები
ავტომობილიდან ამოღებული საბუთები

16:50 ნეტგაზეთი,თბილისი ნინო ბურჯანაძემ “ლაჩრობა” უწოდა ირაკლი ოქრუაშვილის ქცევას. მან განაცხადა, რომ მისი ეჭვები ქართულ პარტიასთან დაკავშირებით გამართლდა:

„სამწუხაროდ და საუბედუროდ, ის ეჭვები, რაც მე ქართული პარტიისადმი, კონკრეტულად კი კიწმარიშვილისა და ოქრუაშვილისადმი მქონდა, მეგონა, ხელისუფლების თამაშს თამაშობდნენ, ეს ეჭვები გამართლდა. და რატომ არის სოზარ სუბარი ამ ამბავში გარეული, ეს თავად აუხსნას ხალხს. მე მრცხვენია ოქრუაშვილის დაცვა. ბოლოს და ბოლოს, კაცი თავდაცვის მინისტრი იყო. რა უნდა გაგიჭირდეს იმის ფასი,რომ შენი სიტყვის პატრონი არ იყო. ეს არის ლაჩრობა. ხომ იცოდი, რომ არც აპირებდი ჩამოსვლას, არ ფიქრობდი ჩამოსვლას იმ თბილი ადგილიდან. თუ გინდა ჩამოდი, მე რას მითანხმებ. ჩვენგან იყო კატეგორიული პირობა, რომ თუ ამ ყველაფრის  უკან იყო რაიმე კავშირი რუსეთთან, კავშირი სამხედრო ძალასთან, რაიმე კავშირი იარაღთან და ქვეყნის დესტაბილიზაციასთან, ჩვენ გავემიჯნებოდით მსგავს პროცესს. და ახლაც ჩვენ მსგავსს პროცესებს ვემიჯნებით“.

ოქრუაშვილის დაპირება ჩამოსვლასთან დაკავშირებით, აჩენდა მოლოდინს, იმისთვის, რომ ოპოზიციაზე ნეგატიური გავლენა მოეხდინა. ოქრუაშვილს ხელისუფლება იყენებს იმიტომ, რომ რუსულ გავლენაზე იყო საუბარიოპოზიციასთან მიმართებაში,–აცხადებდა ბურჯანაძე საზოგადოებრი მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.


16:35 ნეტგაზეთი, თბილისი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე ამ წუთებში  სახალხო კრების ლიდერები სიტყვით გამოდიან.  მთავარი შეტყობინება, რასაც აქციის მონაწილეებს გადასცემენ, არის  26 მაისის აღლუმი. სახალხო კრების საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლების აღლუმის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

გია ბურჯანაძემ განაცხადა,რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, ჩაიბაროს აღლუმი. „ჩვენ არ ვართ იმის ღირსი,რომ დამარცხებული მხედართმთავარი იბარებდეს აღლუმს“,–ამბობს ის.

თემურ შაშიაშილმა, რომელიც ბათუმიდან აქციის რამდენიმე ათეულ მონაწილესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, დღეს აქციის მონაწილეებთან  განაცხადა, „არ გავატაროთ ჩვენი პირტიტველა ბიჭები, ჯარისკაცები, 26–ში აღლუმზე, რუსთაველზე.“

ნონა გაფრინდაშილმა განცხადება გააკეთა ქართული პარტიის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია არ უერთდება სახალხო კრების აქციას 25 მაისს.

„ თქვენ იცით და მომსწრე გახდით, ქართული პარტიის ნაწილი როგორ მოვიდა აქ და ჩვენ შევხვდით მათ ტაშით. ჩვენ მივიღეთ ისინი, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ იქნებოდა კოორდინირებული მოქმედებები. დღეს მხოლოდ სოზარ სუბარი და გუნცაძე გამოჩნდნენ და გააკეთეს ეს განცხადებები. განცხადება არ გაუკეთებია პარტიის დანარჩენ ნაწილს, ანუ გაჩეჩილაძეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის სხვა თამაში. იმედი მაქვს, გაჩეჩილაძე მოვა. ოქრუაშვილი სულ მეგონა სახელისუფლო ფიგურა, კიწმარიშვილიც“.

15.45: ნეტგაზეთი, თბილისი: ამჟამად აქციაზე სახალხო კრების ლიდერებიდან მხოლოდ ნინო ბურჯანაძე იმყოფება, რომელსაც მომიტინგეებთან განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.  აქციაზე განაცხადეს, რომ ხვალისთვის ელოდებიან იმაზე მეტს ხალხს, ვიდრე 21 მაისს იყო. ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაახლოებით  500–მდე მომიტინგეა შეკრებილი. ხვალ აქციაზე ხალხი აღამასრულებელი საბჭოს წევრებისგან კონკრეტულ შეთავაზებებს მოისმენენ.

23 მაისს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 25 მაისს, 15.00 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ. სახალხო კრებამ  თბილისის მერიისადმი გაგზავნილ შეტყობინებაში აქციების თარიღარდ 21–25 მაისი მიუთითა.

13:37 ინტერპრესნიუსი პრეზიდენტი თბილისში იმყოფება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა . 
პრეზიდენტი სააკაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით 21 მაისს გაეგზავრა, სადაც ხელისუფლების პირველ პირებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. სამხედრო აღლუმი გაიმართება დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა .
რაც შეეხება თბილისში მიმიდნარე აქციების შეფასებას, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული, თუმცა არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციას, ჯარს და ჟურნალისტებს.
“საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მთელ ქვეყანაში არის დაცული და გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ წესებს, რომელთა ფარგლებშიც ჩვენი საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს ეძლევათ საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს წესები ზედმიწევნით იქნება დაცული. არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციას, ჯარს. არვის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტებს, ან უბრალოდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ცალკეულ ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

13:00 ნეტგაზეთი თბილისი ქართულმა პარტიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა:

“21 მაისს სახალხო კრებამ და ნინო ბურჯანაძემ დაიწყეს აქცია, რომლის მიზანიც სააკაშვილის რეჟიმის სწრაფი დემონტაჟია. წარსულში არსებული დაპირისპირებების მიუხედავად, ჩვენ, ქართულმა პარტიამ, აქციების დაწყების წინა პერიოდში არაერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გაგვეერთიანებინა ჩვენი ძალისხმევა და ერთობლივად მიგვეღწია გამარჯვებისთვის, მაგრამ ერთობის მიღწევა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ჩვეულ ტერორს მიმართა მომიტინგეთა წინააღმდეგ, მივიღეთ სახალხო კრების აქციებთან მიერთების გადაწყვეტილება. ამასთან, კარგად გვესმოდა, რომ დიდხანს ქუჩაში დგომა გადამწყვეტი მოქმედების გარეშე დამღუპველი შეიძლება ყოფილიყო. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ გადამწყვეტი ბრძოლის დღე და ადგილი – 25 მაისი, ავლაბრის მოედანი – ადგილი, საიდანაც ყველაზე ახლოს არის პრეზიდენტის რეზიდენცია.

მას შემდეგ, 2 დღის განმავლობაში გვქონდა არაერთი მცდელობა, მომხდარიყო პოზიციების შეჯერება  ნინო ბურჯანაძესთან, რაც, სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა.

გუშინ, 22 მაისს, ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ 25 მაისს სახალხო კრება სხვა ადგილას – თავისუფლების მოედანზე გამართავს აქციას. ამასთან, როგორც ნინო ბურჯანაძემ, ისე სახალხო კრების წარმომადგენლებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ გარკვეული ეჭვები აქვთ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ ერთმანეთის პარალელურად ორი აქციის გამართვით საზოგადოებაში დაბნეულობას შევიტანთ, ამიტომ, მივიღეთ ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება:  ვაუქმებთ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დაგეგმილ აქციას და, შესაბამისად, სახალხო კრებას და ნინო ბურჯანაძეს ხელს არ შევუშლით მათი გეგმების განხორციელებაში.

მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ქართული პარტია ორგანიზაციულად არ მონაწილეობს სახალხო კრების 25 მაისის აქციაში, პარტიის ნებისმიერ წევრს აქვს სრული თავისუფლება, საკუთარი შეხედულების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, მივა თუ არა ამ აქციაზე.

ჩვენი პარტიის წევრებს და მთელ ქართულ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, საზოგადოებაში დაბნეულობა შევიტანოთ, რასაც აუცილებლად გამოიწვევს ორ ადგილზე აქციის გამართვა.

და ბოლოს, განსაკუთრებით მძიმე იყო ირაკლი ოქრუაშვილის დარწმუნება, რომ უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, მაგრამ ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ის იძულებული გახდა, დამორჩილებოდა პარტიის პოზიციას. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ეს იყო, მართალია ძალიან მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

ქართული პარტია აგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე”.

11.40: ნეტგაზეთი, თბილისი: ქართული პარტიის” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, ამის შესახებ ნეტგაზეთს “ქართულ პარტიაში” განუცხადეს. “ქართული პარტია” დაგეგმილ აქციას 25 მაისს აღარ გამართავს და “ბრძოლის ასპარეზს” “სახალხო კრებას” დაუთმობს. გუშინ სოზარ სუბარმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებდა “სახალხო კრებასთან”, თუმცა, როგორც დღეს ცნობილი ხდება, მოლაპარაკებები არ შედგა.””ჩვენ აღარ ვატარებთ აქციას 25 მაისს, რომ არ დავაბნიოთ ხალხი პარალელური აქციებით და ბრძოლის ასპარეზს მთლიანად “სახალხო კრებას” ვუთმობთ,”- ამბობს “ქართული პარტიის” პრესსამსახურის განცხადებით, პარტია კოორდინირებულად არ შეუერთდება სახალხო კრების აქციას 25 მაისს.

სოზარ სუბარმა ნეტგაზეთთან საუბარში გუშინ განაცხადა რომ ქართული პარტია სახალხო კრების გადაწყვეტილებას ელოდება, გაიმართება თუ არა 25 მაისს ერთობლივი აქცია. ქართული პარტიის, თავმჯდომარე აცხადებს,რომ  მისი აზრით, აქცია ერთობლივი უნდა იყოს. „ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს სახალხო კრება“,– ამბობს სოზარ სუბარი. მისი თქმით, მოლაპარაკებები ქართულ პარტიასა და სახალხო კრებას შორის  გუშინ ღამით, ან დღეს დილით უნდა გამართულიყო.თუმცა, როგორც ნონა გაფრინდაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ქართული პარტია მოსალაპარაკებლად სახალხო კრებაზე არც გუშინ ღამით და არც დღეს დილით არ მისულა.



nona gafrindashvili | Upload Music

“თუ მას ჩამოსვლის თავი არ ჰქონდა, წინასწარ არ უნდა ელაპარაკა, და ის, რომ შეუთანხმებლობას, პოლიტიკურ უთანხმოებას ჩვენ გვაბრალებენ, ასე არ არის, პირადად მე კარგი ურთიერთობა მაქვს სოზარ სუბართან, გაჩეჩილაძესთან და კოკა გუნცაძესთან და პირადად ოქრუაშვილთან არანაირი შეხება არ მაქვს”,–განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

10.30: ნეტგაზეთი, თბილისი: ამ დროისთვის კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, “სახალხო კრების” 150-მდე აქტივისტი იმყოფება. მათ ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს. აქციის ორგანიზატორებმა აქტივისტებს დილით ძეხვი, პური და წყალი დაურიგეს. აქციაზე ლიდერების სიტყვით გამოსვლები 12 საათზე დაიწყება.

01.57: ნეტგაზეთი, თბილისი: ნინო ბურჯანაძემ კოსტავას ქუჩაზე, სადაც „სახალხო კრების“ 500–მდე აქტივისტია შეკრებილი, განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ გააფრთხილეს, [არ დაუსახელებია, ვინ] დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ.  „შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს ჟურნალიტს რომელიმე აქციის მონაწილემ, რომელიც იქნება „შემოგზავნილი პროვოკატორი“.  ბურჯანაძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ, რათა მომენტალურად შეძლონ ამ პიროვნების [პროვოკატორის] დაკავება. სხვა განცხადება არ გაუკეთებია. ამ დროისთვის კოსტავას ქუჩაზე იმყოფება გია ბურჯანაძეც.

შეგახსენებთ, მეოთხე დღეა წარმომადგენლობითი სახალხო კრება აქციას მართავს თბილისში. თავდაპირველად ისინი აცხადებდნენ, რომ 25 მაისს „დაასრულებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას“. 23 მაისს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ მისცემენ საშუალებას,  ჩაიბაროს აღლუმი. სახლახო კრება გეგმავს 25 მაისს, 12 საათზე, აქციამ გადაინაცვლოს თავისუფლების მოედანზე.

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აღლუმი გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი