26 მაისის მოვლენებიდან მალევე, 2011 წლის 14 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანებები, რომელთა მიხედვითაც, სამსახურიდან იქნა დათხოვილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური– რვა თანამშრომელს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ,

ჟურნალისტების სახელით, 2011 წლის 1 ნოემბერს შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მიმართა და მოითხოვა შს მინისტრის მიერ 14 ივლისს გამოცემული ბრძანებები, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებისთვის რომელი სამართალდამცავები დაისაჯნენ. შსს–მ საია–ს იურისტს, ნათია კაპანაძეს განუცხადა, მის მიერ მოთხოვილი მასალები განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას.
ჟურნალისტებმა საია–ს დახმარებით თბილსისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და მოითხოვეს შემდეგი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება – კერძოდ, დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის 2011წლის 14 ივლისის ბრძანების დასაიდუმლოების რეკვიზიტები – ამ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი, პირი – თუ ვინ დაასაიდუმლოვა აღნიშნული დოკუმენტი და რა ვადით;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილი 2011 წლის 14 ივლისის ბრძანების განსაიდუმლოება(გასაჯაროვება).
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე რთულ კატეგორიად მიიჩნია და მისი განხილვა თვეების მანძილზე ჭიანურდებოდა. დღეს, 11 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მინისტრის ბრძანების გასაიდუმლოება არ მომხდარა, შესაბამისად, ინფორმაცია იმის თაობაზე თუ ვინ დაასაიდუმლოვა ეს ინფორმაცია და რა ვადით, რა
ხარისხისაა საიდუმლო გრიფი -არ ინახება სამინისტროში.
საია–ს იურისტის, ნათია კაპანაძის თქმით, მონაცემების არ არსებობა დაედო საფუძვლად სასამართლოს პოზიციას საბოლოოდ, 26
მაისის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება, სარჩელის ავტორებს კი გადაეცათ ვანო მერაბიშვილის 2011 წლის 14 ივლისის ის ბრძანება, რომლითაც პასუხისმგებლობა დაეკისრა შსს–ს 16 თანამშრომელს 26 მაისის აქციის დაშლის შემდგომ.
აღნიშნული ბრძანებაში მითიტებულია კონკრეტული სამართალდამცავები, რომლებიც გაათავისუფლეს, ჩამოაქვეითეს და რომლებსაც გამოუცხადეს “სასტიკი საყვედური” და “საყვედური”.
სანქციის მიზეზად ყველა შემთხვევაში დასახელებულია შემდეგი მიზეზები: “სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება” და “თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან სამეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს”.
2011 წელს დასჯილ სამართალდამცავთა ვინაობის გასაიდუმლოებას შინაგან საქმეთა სამინსიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ასე ასაბუთებდა: “ეს სპეცრაზმელები იმიტომ იყვნენ ნიღბებით, რომ მათი ვინაობის განხელა არ შეიძლება”.
ამავე თემაზე: