ახალი ამბები

სადავო ფაქტები და შეფასებები 26 მაისზე მომზადებულ დასკვნაში

12 აგვისტო, 2013 • • 1632
სადავო ფაქტები და შეფასებები 26 მაისზე მომზადებულ დასკვნაში

კომპანია “დენსუსი”  აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები, პოლიციამ დაშლის დაწყებისთანავე მოქალაქეებს გაუხსნა კორიდორი, რომლითაც მათ შეეძლოთ რუსთაველის გამზირის დატოვება და აქციის მონაწილეთა დაკავების ოპერაცია იყო კარგად მომზადებული.

 

დასკვნა აქციის დაშლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2011 წლის ივლისშია მომზადებული. როგორც ირკვევა, აღნიშნული დასკვნის მომზადება შსს–მ ამერიკელი კოლეგების დახმარებით შეუკვეთა კერძო კომპანიას. როგორც დასკვნის მეთოდოლოგიიდან ირკვევა, შეფასებები ეყრდნობა ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებულ ინფორმაციას, ოფიციალურ ვიდეომასალებსა და ღია წყაროებით მოპოვებულ, ანუ მედიასაშუალებების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერების ანალიზს.

 

გიორგი გოცირიძე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის ერთ–ერთი ავტორია. გარდა იმისა, რომ მაშინ საია–მ ოფიციალური სტრუქტურებიდან გამოითხოვა ოფიციალური დოკუმენტაციები, გამოკითხა ათეულობით აქციის მონაწილე, დამკვირვებელი და ჟურნალისტი. როგორც გოცირიძე ამბობს, საია–ს დასკვნა სწორედ თვითმხილველთა ჩვენებების, ფოტო –ვიდეომასალებისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად მომზადდა.

 

აქციის დაშლა თბილისში. 26.05.2011/ფოტო: Reuters
აქციის დაშლა თბილისში. 26.05.2011/ფოტო: Reuters

“სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ვიდეომასალები არის წყარო, თუმცა, მარტო ამას რომ ეყრდნობოდეს კონკრეტული დასკვნა, ეს არ იქნებოდა სწორი. სრულ და ობიექტურ სურათს მხოლოდ ამ წყაროების მეშვეობით ვერ მიიღებ და, შესაბამისად, ობიექტურ დასკვნას ვერ გამოიტან 26 მაისთან დაკავშირებით და, ჩემი აზრით, ეს ასეც არის.

 

მაგალითად, ჩვენს ანგარიშში ვერ დავადასტურეთ, რომ მოლოტოვის კოქტეილები იყო აქციაზე, არადა, „დენსუსის“ დასკვნაში წერია, რომ ადგილი ჰქონდა მოლოტოვის კოქტეილების დამზადებას.  ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები არ ადასტურებენ მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ან გამოყენების მცდელობას.

 

რაც შეეხება გასასვლელელებს, არა მხოლოდ ვიდეომასალებით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება, რომ იქ აქციის მონაწილეებისთვის გასასვლელი არ იყო დატოვებული და დასკვნის ამ ნაწილსაც არ ვეთანხმებით. მაშინ აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს და შემდეგ მოხდა მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება”, – განუცხადა გიორგი გოცირიძემ “ნეტგაზეთს”.

 

გიორგი გოცირიძე ეჭვქვეშ აყენებს “დენსუსის” დასკვნის იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვითაც დაკავების ოპერაცია იყო კარგად მომზადებული.

 

“პირველი, რაც მახსენდება, ეს იყო პალიტრა ტვ–ს ჩანაწერები, სადაც ჩანს უკვე დაკავებულ ადამიანს როგორ ურტყამენ სამართალდამცავები. დაკავებული ადამიანების მიმართ იყენებდნენ გადამეტებულ ძალას და ეს ფაქტები საკმაოდ ნათელია და არ მეგონა, ეს თუ სადავო გახდებოდა. ამის დასტურია მურმან დუმბაძის მაგალითიც, რომელიც დაკავებისას იყო ჯანმრთელი და რამდენიმე დღის შემდეგ საია–ს იურისტებმა ის სასტიკად ნაცემი აღმოაჩინეს”, – იხსენებს 26 მაისის აქციის დაშლისას განვითარებულ მოვლენებს საია–ს იურისტი.

 

2011 წლის 26 მაისს თბილისში, აქციის დაშლასთან დაკავშირებით მაშინ დასკვნა მოამზადა საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, რომელიც ახლა არასამთავრობო სექტორში მუშაობს.

 

გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ამერიკული კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნას დეტალურად არ იცნობს, თუმცა მან გაიხსენა გარკვეული დეტალები, რომელიც 26 მაისთან დაკავშირებით მის ანგარიშში აისახა.

 

“ფაქტია, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს, მაშინ, ჩემი დასკვნით არ მიეცა აქციის დატოვების შესაძლებლობა, ნაწილს, რა თქმა უნდა, მიეცა ამის საშუალება, აქციის მონაწილეთა ნაწილმა კი თავი შეაფარა კინო “რუსთაველს”. ჩემი წარმომადგენლებიც მოხვდნენ შიგნით.  ოპერაცია როგორ იყო ტაქტიკურად მომზადებული, ამას სახალხო დამცველი ნამდვილად ვერ შეაფასებს. ცალსახა იყო, რომ პოლიციამ მაშინ რიგ შემთხვევებში გამოიყენა გადამეტებული ძალა. რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეთა ნაწილს ხელში ეკავა ხელკეტები და სხვადასხვა ნივთები. მოლოტოვის კოქტეილები მახსოვს, რომ აჩვენეს ერთ–ერთ ვიდეოფირზე, თუმცა, აქციის განმავლობაში ის არავის არ გამოუყენებია”, – განუცხადა გიორგი ტუღუშმა “ნეტგაზეთს”.

 

გიორგი ტუღუში ასევე ადასტურებს, რომ  პოლიციამ ძალა გამოიყენა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც უკვე კონტროლის ქვეშ ჰყავდათ – ზოგი დაკავებული იყო, ზოგი კი ხელბორკლებით ეყარნენ მიწაზე.

 

“სახალხო დამცველი ვერ შეაფასებდა, დაკავების სტრატეგია რამდენად კარგად იყო მომზადებული, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა:  ათეულობით ადამიანი დააკავეს 26 მაისს და მათ ნაწილს როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემეს”, – ამბობს გიორგი ტუღუში.

 

როგორც “თავისუფალი ზონის” მიერ გამოქვეყნებული “დენსუსის” დასკვნიდან ირკვევა, ის 2011 წელსაა მომზადებული, თუმცა დასკვნის ასლი საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს აშშ–ის იუსტიცის დეპარტამენტიდან 2013 წლის 16 ივლისს გაუგზავნეს. პროკურატურის ინფორმაციით, ის გადაეცა ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს. ვანო მერაბიშვილისთვის წაყენებული ერთ–ერთი ბრალდება სწორედ 26 მაისის  აქციის დაშლას ეხება. ვანო მერაბიშვილი და მისი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ „დენსუსის“ დასკვნა მერაბიშვილის გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდება, რადგან იქ წერია, რომ პოლიციელები, საერთო ჯამში, დისციპლინით იქცეოდნენ და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში მოხდა მათ მიერ ძალის გადამეტება, გარდა ამისა, მოქალაქეებს ჰქონდათ დატოვებული აქციიდან გასასვლელი.

 

ვანო მერაბიშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდით დღეს, 12 აგვისტოს, “დენსუსის” დასკვნასთან დაკავშირებით ციხეში მყოფი მერაბიშვილის განცხადება გავრცელდა.

 

“დღეს, ჩემი ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულებით, 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა განხორციელდა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში. აღნიშნული დასკვნის მომზადება სამინისტრომ დაუკვეთა კერძო კომპანიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით. დასკვნის მომზადების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს ჰქონდა 2011 წლიდან, თუმცა არასოდეს ყოფილა გამოქვეყნებული და პოლიტიკურად გამოყენებული. ამ დასკვნის ერთადერთი მიზანი იყო მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარება და რჩევების მიღება მდიდარი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან. სწორედ ამიტომ, კომპანიის შერჩევა მოხდა ამერიკელი მეგობრების მიერ. მიმაჩნია, რომ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ამ დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება. მე არასოდეს მიფიქრია, რომ მომიწევდა მსგავს ბრალდებაზე თავის მართლება და, შესაბამისად, არც მიფიქრია ამ დოკუმენტის ადრე გამოქვეყნების ან მისი შენახვის თაობაზე. სწორედ ამიტომ, ჩემს ადვოკატებს დასჭირდათ სერიოზული შრომა ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად, რამაც ჩემი დიდი გაკვირვება გამოიწვია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა გაეჭიანურებინა დოკუმენტის გადმოცემის პროცესი და მისი მიღება მხოლოდ ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩარევით მოხერხდა. იმის გამო, რომ მე მოკლებული ვარ საშუალებას თავად მოვიძიო ჩემი დაცვისთვის აუცილებელი მტკიცებულებები, ჩემს ადვოკატებს უწევთ დიდი შრომის გაწევა, რისთვისაც მე დიდ მადლობას ვუხდი მათ. მე ვფიქრობ, რომ დღემდე პროკურატურას არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ბრალდება ჩემ წინააღმდეგ წარდგენილი არ იქნებოდა”, – აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

 

საპირისპირო მოსაზრება აქვს მთავარ პროკურატურას,  რომელიც მიიჩნევს, რომ “დენსუსის” დასკვნა შედგენილია მაღალკვალიფიციურად და იგი არათუ ეწინააღმდეგება ვანო მერაბიშვილისათვის შერაცხულ ბრალდებას, არამედ ავსებს მას და ადასტურებს ამ ბრალდების დასაბუთებულობასა და კანონიერებას.

 

ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის საქმეზე ბრალი მიმდინარე წლის 28 მაისს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი