ახალი ამბები

სააგენტო: თბილისში შემოწმებების რაოდენობა გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა

4 მარტი, 2016 •
სააგენტო: თბილისში შემოწმებების რაოდენობა გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 2016 წლის იანვარ-თებერვალში მონიტორინგისა და ინსპექტირების ფარგლებში 969 ბიზნესოპერატორი შეამოწმეს, რაც სამჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

შეიქმნა სახელმწიფო კონტროლის ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც პორტატული აპარატურით აღიჭურვა, რამაც სააგენტოს სპეციალისტების საქმიანობის ოპერატიულობის და ეფექტურობის გაზრდა განაპირობა, აცხადებს სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, 606 ბიზნესოპერატორი დოკუმენტურად შეამოწმეს. ესენია: საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მარკეტები, ხორცის სარეალიზაციო ობიექტები, საშაურმეები, თევზის საწარმოები, იმპორტი/დისტრიბუცია, აგრარული ბაზრები, საცხობები, საბავშვო ბაღები, სკოლის ბუფეტები, უმწეოთა სასადილოები.

გეგმური ინსპექტირება ჩატარდა 204 ბიზნესოპერატორთან. შემოწმდა სასაკლაოები, რძის პროდუქტების, ხორცის და ხორცპროდუქტების,   ნახევარფაბრიკატების, საკონდიტრო, ფქვილოვანი სასურსათო პროდუქციის წარმოებები; მარკეტები, საზკვების ობიექტები, საშაურმეები, საბავშვო ბაღის სასადილოები და სკოლის ბუფეტები, ბავშვთა გასართობი ცენტრები; აგრარული ბაზრები, სადისტრიბუციო ქსელი, ხორცის და ალკოჰოლიანი სასმელების სარეალიზაციო ობიექტები,  საცხობები.

არაგეგმურად შემოწმდა 33 ბიზნესოპერატორი. მათ შორის: კერძო სკოლა,  საშაურმე, სადისტრიბუციო კომპანია, ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების, თევზისა და თევზპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, მაიონეზის, პურფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებები; ყველის სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები, საწყობი მაცივარი, საცხობი.

სააგენტოს ცნობით, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა 21 207 პირუტყვს, ანტისხეულებზე კვლევისთვის აღებულია 36 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სისხლი, ცოფის საწინააღმდეგო იძულებითი ვაქცინაცია ჩაუტარდა ცოფის ამთვისებელ 54 ცხოველს.

მასალების გადაბეჭდვის წესი