ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: ვრჩებით კოალიციაში

4 მარტი, 2016 • 3137
ლევან ბერძენიშვილი: ვრჩებით კოალიციაში

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებასთან” გასაფორმებელ შეთანხმებაში თანამშრომლობის ყველა დეტალი გაიწერება:

“გვინდა ყველა განხილვა იყოს ფორმალიზებული და ცნობილი იყოს, ვინ რაზე არის პასუხისმგებელი, როგორ მიიღება გადაწყვეტილება, რას ნიშნავს ვალდებულება, რას ნიშნავს დარღვევა, რას ნიშნავს სანქცია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წინასწარ გაწერილი უნდა იყოს და ცნობილი.”

დეპუტატის განმარტებით, “ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ “რესპუბლიკური პარტია” და “ქართული ოცნება” ნამდვილად იქნებიან ერთად”:

“ხოლო ყველაფერი დანარჩენი უნდა გაარკვიონ დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა და ქართულმა ოცნებამ. ჩვენ გვინდა, რომ ხელშეკრულება გვქონდეს. თუ სხვასაც უნდა, უნდა იზრუნოს ამაზე.  ჩვენ დიდი ხანია ეს სურვილი გამოხატული გვაქვს.  ვრჩებით კოალიციაში, ვრჩებით კოალიციაში საარჩევნოდ და  წარმატების შემთხვევაში,არჩევნების შემდეგ კიდევ მოუწევს ჩვენი ატანა ზოგიერთს, თუ გადაიტანეს. ”

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 3 მარტს შეხვდნენ.  შეხვედრის მიზეზი  კვირიკაშვილის 3 მარტს გავრცელებული განცხადება გახდა, რომლითაც მან მკაცრად გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა 3 მარტს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

პრემიერის განცხადებაზე რესპუბლიკურ პარტიას 3 მარტს კომენტარი არ გაუკეთებია და  პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ “მოულოდნელად შექმნილი რთული ვითარების გამო” კვირიკაშვილს შეხვდებოდნენ, რადგანაც პრემიერთან “კითხვები ჰქონდათ”.

3 მარტს,  გვიან ღამით შეხვედრიდან გამოსულმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრეს, მიიღეს თუ არა პასუხი იმ კითხვებზე, რაც ჰქონდათ, ან რა კითხვები ჰქონდათ.

პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 3 მარტს განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია “ სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში” აგრძლებს “ პარტნიორულ თანამშრომლობას”  და დაიწყეს საუბარი სამომავლოდ ორპარტიულ  შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დეტალურად არ განუმარტავთ, რას გულისმხობს ორპარტიული შეთანხმება, მაშინ, როცა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” სულ ხუთი პარტია შედის.


დაპირისპირება კოალიცია “ქართულ ოცნებაში”

2016 წლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

კოალიციის წევრმა დეპუტეტების ნაწილმა გოგი თოფაძის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა “მრეწველების” თავმჯდომარის გაკრიტიკებას არ მოერიდგნენ “რესპუბლიკელები”.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მას ეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. მალევე გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძება დაიწყო. ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიების დაწყებით პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი