ახალი ამბები

რესპუბლიკელები “მოულოდნელად შექმნილი რთული ვითარების” გამო პრემიერს შეხვდებიან

3 მარტი, 2016 • 1421
რესპუბლიკელები “მოულოდნელად შექმნილი რთული ვითარების” გამო პრემიერს შეხვდებიან

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, პარტიის უფლებამოსილი პირები დღეს პრემიერს შეხვდებიან, მანამდე კი განცხადებას არ გააკეთებენ:

“რესპუბლიკური პარტიის წინადადებით, მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სიცხადის შესატანად, პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაინიშნა პარტიის უფლებამოსილი პირების შეხვედრა, რომელიც გაიმართება დღესვე. რესპუბლიკური პარტია კომენტარებს აღნიშნულ შეხვედრამდე არ გააკეთებს”, – აღმიშნულია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მკაცრად გააკრიტიკა. საქმე ეხება კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებს კვირიკაშვილი.


დაპირისპირება კოალიცია “ქართულ ოცნებაში”

2016 წლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

კოალიციის წევრმა დეპუტეტების ნაწილმა გოგი თოფაძის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა “მრეწველების” თავმჯდომარის გაკრიტიკებას არ მოერიდგნენ “რესპუბლიკელები”.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მას ეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. მალევე გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძება დაიწყო. ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიების დაწყებით პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი