ახალი ამბები

მეჭიაური: მორალურად შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება, ვინმეს მიუთითოს პარლამენტის დატოვებაზე

2 მარტი, 2016 •
მეჭიაური: მორალურად შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება, ვინმეს მიუთითოს პარლამენტის დატოვებაზე

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ ადამაინს აქვს მოუთითოს ვინმეს პარლამენტის დატოვების შესახებ, ვინც ისინი პარლამენტში “გაიყვანა”:

“იურიდიულად, მგონი, არავის არ აქვს მისთვის მანდატის ჩამორთმევის უფლება, გარდა მთლიანად პარლამენტისა, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში. და მორალურად შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს მიუთითოს ვინმეს, რომ დატოვოს პარლამენტი. ის ისაა, ვინც ისინი გაიყვანა, ყველა. ვინც უთითებს, ისიც და ვისაც უთითებენ, ისიც. მას, მე მგონი, არაფერი არ უთქვამს არავისთვის,”– განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქმე ეხება დაპირისპირებას ფრაქცია “ქართული ოცნება– მრეწველების” თავმჯდომარეს, გოგი თოფაძესა და “რესპუბლიკელების” წარმომადგენლებს შორის. კერძოდ, გოგი თოფაძე თინა ხიდაშელს საგარეჯოში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. სანამ ეს დაპირისპირება დაიწყებოდა, რამდენიმე თვის წინ, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიღების შემდეგ პატრლამენტს დატოვებდა.

თებერვალში, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ გოგი თოფაძემ “დაუნის სინდრომი” სალანძღავ სიტყვად მოიხსენია. ამას მოჰყვა თინა ხიდაშელის განცხადება იმის თაობაზე, რომ ეგონა, თოფაძე “უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი იმიტომ, რომ ყველას გვახსოვს, რომ ეს განცხადება მან გააკეთა”. სწორედ ამის შემდეგ დაუპირისპირდა თოფაძე რესპუბლიკელებს.

თუმცა გოგი თოფაძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ ამ კანონის გარდა პარლამენტში სხვა კანონებზეც მუშაობს. მისივე სიტყვებით, პარლამენტის დატოვებას ვერავინ დააძალებს:

“ამ კანონს რომ მივიღებთ, რამოდენიმე კანონი მზადდება ჩვენი გუნდის მიერ ქიმიურ დანამატებზეც, იწამლება ხალხი და ძალიან ცუდი კონტროლია სურსათის უვნებლობის საკითხში.  ამას რომ გავიტანთ, მერე უკვე ალბათ გადავიფიქრებ კიდეც.  მე ვერავინ დამაძალებს, ვრჩები პარლამენტში და ვიქნები, სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეებს,”–თქვა გოგი თოფაძემ.

თინა ხიდაშელი კი აცხადებს, რომ მისთვის სულერთია, იქნება თუ არა კოალიციაში გოგი თოფაძე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი