ახალი ამბები

ბესელია: პატიმრის თქმით, ელისაშვილმა დადებითი რეკომენდაციისთვის 50 ათასი ლარი მოსთხოვა

29 თებერვალი, 2016 •
ბესელია: პატიმრის თქმით, ელისაშვილმა დადებითი რეკომენდაციისთვის 50 ათასი ლარი მოსთხოვა

ეკა ბესელიას მტკიცებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს  ერთ-ერთმა პატიმარმა განცხადებით მიმართა, სადაც საუბარია, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს ალეკო ელისაშვილმა მის ადვოკატს დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ 50 ათასი ლარი მოსთხოვა:

“ამ კონკრეტულ განცხადებაში ადამიანი, რომელიც დღეს პატიმრობაში იმყოფება, აცხადებს, რომ  შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ მის ადვოკატს დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ 50 ათასი ლარი მოსთხოვა. ეს ფაქტი პროკურატურამ უნდა გადაადმოწმოს, დაკითხოს ადვოკატი, თვითონ მსჯავრდებულიც. ეს მსჯავრდებული რეაგირებას ითხოვს, ამ განცხადებას კიდევ მისი განცხადება მოჰყვა.”

თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი აღნიშნულ ბრალდებას ბოდვას უწოდებს:

“რა თქმა უნდა, ეს  არის სრული ბოდვა. “ქართული ოცნება” თუ აკვირდება, ეკა ბესელია როგორ გარდაქმნის  “ქართულ ოცნებას” ქართულ ჭაობად, კორუფციის ჭაობად. დაადუმონ ეს ქალბატონი, ამაზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკო. ძალიან არასერიოზულია და ძალიან სამარცხვინოა, ” – აცხადებს ელისაშვილი.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, რჩევების მიცემისგან თავი შეიკავოს. დეპუტატის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ელისაშვილს ფული მოეთხოვა:

“იმიტომ, რომ თავი შეირცხვინა ბევრი მიმართულებით. ზუსტად ისე, როგორც ეგ ამბობს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფული მიუტანა. ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით ვიღაცამ მართლაც განაცხადა, რომ ფულს ითხოვდა ჩემგანო. არ მგონია, ეს ასე იყოს, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ცილს გწამებენ და ცილისწამებაში ძალიან გაითქვა სახელი ალეკომ და, მგონი, თვითონაც უნდა იგრძნოს, რომ ეს მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. ეს ადამიანი გველაპარაკება მორალზე და ჭკუას გვარიგებს, უმრავლესობამ მიხედეო. ეს ალეკოს კომპეტენციაში არ შედის. უმჯობესია თავისი ბრალდებები დაასაბუთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი აგოს საზოგადოების წინაშე,”- განაცხადა ვოლსკიმ.


  • ალეკო ელისაშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ პირველად, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე 2015 წლის 7 დეკემბერს დაწერა; მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე ისაუბრეს.
  • პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაიწყო(სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი)
  • როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ელისაშვილი საუბრობდა, რომ “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს წინასწარ აღებული ჰქონდათ 200 ათასი დოლარი და კიდევ 1.5 მილიონი უნდა აეღოთ.
  • 22 დეკემბერს ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ მისგან  “კოკაინის საქმის”ფიგურანტების შეწყალებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ითხოვდნენ.
  • “კოკაინის საქმის” ფიგურანტები კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ პოლიტიკოსებს ფული გადაუხადეს.
  • ელისაშვილის მტკიცებით, 2014 წელს, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე უამბო როგორც პრეზიდენტს, ასევე მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს.
  • გიორგი გოგაძე, რომელიც ახლაც თანამდებობაზეა, ამბობს, რომ პოლიტიოსების მხრიდან ზეწოლის საკითხზე ელისაშვილს მასთან არასოდეს უსაუბრია,
  • პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით კი, პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ელისაშვილმა მართლაც წააკითხა მესიჯები, სადაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
  • პროკურატურა კი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის მესიჯები ელისაშვილის მობილურზე არ აღმოჩნდა. მობილური ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
  • ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი