საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების მიმართვა.
ეს განცხადება იურისტმა დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გააკეთა, სადაც ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს.
“გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მსგავსი ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით, უნდა იყოს უსწრაფესი, სრულყოფილი და არ დატოვოს არც ერთი კითხვის ნიშანი. ყველა ადამიანი არის თანასწორი, უბრალოდ, ამ ტიპის დანაშაულებს ექცევა განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ, რომ თუკი მაღალი ცნობადობის მქონდე პიროვნება – პოლიტიკოსი ვერ იგრძნობს თავს დაცულად შუა ქალაქში დღისით-მზისით, რიგითი მოქალაქე, რა თქმა უნდა, უფრო დაუცველად იგრძნობს თავს. ამიტომ ამ საქმეზე აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების მიმართვა,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
26 თებერვალს “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა. შსს–მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.