ახალი ამბები

HRIDC-ის კვლევა: რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს რამდენიმე რეგიონში

25 თებერვალი, 2016 • 2739
HRIDC-ის კვლევა: რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს რამდენიმე რეგიონში

ისლამოფობია, დაკეტილი სინაგოგები, სადავო ტაძრები და ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე – ეს ის პრობლემატური საკითხებია, რომლებიც ადამიანთა უფლებების ცენტრის კვლევამ გამოავლინა.

ანგარიში “რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში” ქვეყნის რამდენიმე კუთხეში- რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში ისტორიული ძეგლების შესწავლის საფუძველზე მომზადდა.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამცხე-ჯავახეთიდან ებრაელთა ისრაელში მასობრივი მიგრაციის შედეგად რეგიონში არსებული სინაგოგები უმოქმედოდ დარჩა. ახალციხის ქვედა სინაგოგა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ებრაელ მრევლს ჩამოერთვა და მასში სხვადახვა დაწესებულება იყო გახსნილი, მათ შორის კინოკლუბი და საბილირდო, დღეს მიტოვებულია. ზედა სინაგოგა რაბათის ციხის პროექტის ფარგლებში შეკეთდა, თუმცა დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ქვედა სინაგოგების აღდგენა არ იგეგმება. შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და ცენტრის მიერ მომზადებულ ფოტომასალაზე ჩანს, რომ თითქმის დანგრეულია.

ადამინის უფლებთა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის აზრით, საგულისხმოა, რომ ებრაელი მოსახლეობა ტოვებს რეგიონს. ემიგრირებული ქართველი ებრაელები სახელმწიფოსათვის თანემამულეებად არ განიხილებიან და საჭიროა სწორი პოლიტიკის წარმოება ქართველ ებრაელებთან კონტაქტის გასაღრმავებლად. სინაგოგებში კი ლოცვები ტარდება იმ შემთხვევაში, თუ იქ 10 კაცზე მეტი იკრიბება. დღეს კი ონისა და ახალციხის სინაგოგებში საკმარისი მლოცველი არ არის.

საერთო ჯამში, ცენტრში მიაჩნიათ, რომ საქართველოში სინაგოგები შესაბამისადაა დაცული, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

მონიტორინგის ჯგუფმა ასევე შეისწავლა თბილისში არსებული იმ ეკლესიების მდგომარეობა, რომელთა საკუთრებაში გადაცემასაც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია მოითხოვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. როგორც ცენტრში აცხადებენ, სომხური სადავო ეკლესიები არასათანადო მდგომარეობაშია. დღეს სომხური ეკლესია თავის საკუთრებად მიიჩნევს 7 ტაძარს. მათგან 2-ს ამჟამად რესტავრაცია უტარდება, დანარჩენების ბედი კი გაურკვეველია და საგრძნობლადაა დაზიანებული. საპატრიარქოს პრესმდივანი მიქაელ ბოტკოველი ცენტრთან ინტერვიუში ამბობს, რომ სომეხი თემის მოთხოვნა გადაჭარბებულია და ამიტომ მათთან პრობლემურ საკითხებზე მოლაპარაკებები ვერ ხერხდება.

მეჩეთ სოფელი ფლატეში. ფოტო: ადამიანის უფლებათა ცენტრი/გოგა ჩანადირი

მეჩეთი სოფელი ფლატეში. ფოტო: ადამიანის უფლებათა ცენტრი/გოგა ჩანადირი

ცენტრთან საუბარში უკანონოდ ჩამორთმეულ ტაძრებზე ლაპარაკობენ ასევე კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები. ისინი ამჟამად საკუთრებად  5 ტაძარს მიიჩნევენ: ქუთაისის, გორის, ბათუმის, ივლიტას (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და უდეს (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ტაძრებს. ხუთივე მათგანი მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაა. ერთ-ერთი ასეთი სადავო ტაძარია ქუთაისის ხარების სახელობის ტაძარი, რომელიც ცენტის ცნობით რესტავრაციას საჭიროებს. ასევე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, რომელშიც დღეს მართლმადიდებლური წირვა ტარდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  შეეხო სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთების არასათანადო მოვლა-პატრონობის საკითხსაც. მაგალითად, სოფელ ფლატეში დანგრეული მეჩეთი მიტოვებულია და ადგილობრივი მღვდილს მითითებით, მისი ნანგრევებიდან მოსახლეობას ქვები ეკლესიის ასაშენებლად გადააქვთ.

“მუსლიმური თემისგან მიღებული ინფორმაციით, ისტორიული მეჩეთის დაზიანებას ორგანიზება გაუწია ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, ნიკოლოზ გეწაძემ, სამშენებლო მასალა კი ზარზმის მონასტრის დამხმარე ნაგებობების საშენ მასალად იქნა გამოყენებული,”- აცხადებენ ცენტრში.

სოფელ ფლატესა და ადიგენში მდებარე მეჩეთებს უკვე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მათი დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, არასახარბიელო მდგომარეობაშია სოფელ საყუნეთის მეჩეთი, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით მდებარეობს. როგორც ცენტრში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საყუნეთის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მიმდებარე ტერიტორიაზე ძეგლის აღმნიშვნელი ბანერი არ დგას და არც მისი რესტავრაცია განხორციელებულა.

კვლევის ავტორები მოუწოდებენ პარლამენტს, დროულად მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოთა მმართველობის დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციას. ეს ხელს შეუწყობს დღეს მიტოვებული ეკლესიების, სინაგოგებისა და მეჩეთების შენარჩუნებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრში ასევე საჭიროდ მიიჩნევენ, რომ საქართველოს საპატრიარქომ იმსჯელოს იმ სასულიერო პირთა განცხადებებსა და ქმედებებზე, რომელთა შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლებში ღვივდება რელიგიური დაპირისპირებები და პერიოდულად განიხილება ისტორიული მეჩეთების დაზიანების, გადაკეთების ან დანგრევის საკითხი.

ცენტრმა კვლევა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი