ახალი ამბები

ზურაბ გელენიძე: მაღაროელთათვის ხელფასების 40%-ით გაზრდა შეუძლებელია

24 თებერვალი, 2016 • 2056
ზურაბ გელენიძე: მაღაროელთათვის ხელფასების 40%-ით გაზრდა შეუძლებელია

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ფინანსური დირექტორი, ზურაბ გელენიძე აცხადებს, რომ ტყიბულელი მაღაროელთათვის ხელფასების 40%-ით გაზრდა შეუძლებელია. რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არიან:

” ხელფასების 40%-ით ზრდა შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ 60-65 % იქნება თვითღირებულებაში ხელფასების წილი, ანუ ჩვენ იდეაში ამ წარმოების ეკონომიკურ შინაარსს მოვკლავთ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ  ეს მოთხოვნა არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ვერანაირად ვერ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების ნაწილს, პირობების გაუმჯობესებას, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხები მუშა რეჟიმში განვიხილოთ,”- აღნიშნავს გელენიძე.

მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებას ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყების შრომისა და დასაქმების დეპარტმანენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ განაცხადა:

“როდესაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტულ შემთხვევებთან, როგორიც არის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენები, მინისტრის დავალებით იყო წარმოდგენილი კონკრეტული პირი, რომელიც იყო მივლენილი ორივე შემთხვევაში და გრძელდება ეს პროცესი. მინდა მოვუწოდო სამინისტროს სახელით ორივე მხარეს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოგვეცენ საშუალება, როგორც სამინისტროს, ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა შევასრულოთ, ვინაიდან ჩვენი მოვალეობაა პოზიციები დავაახლოვოთ და, შესაბამისად, შეთანხმებით დასრულდეს ეს პროცესი”, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

ხელფასების გაზრდა 40%-ით, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ზამთრისათვის თბილი უნიფორმა – ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეუსრულებლობის გამო უკვე მეთერთმეტე დღეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროების მუშები გაფიცული არიან.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი