ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო ქსანსა და ტყიბულში გაფიცულებსა და დამსაქმებლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს

24 თებერვალი, 2016 • 1248
ჯანდაცვის სამინისტრო ქსანსა და ტყიბულში გაფიცულებსა და დამსაქმებლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ტყიბულსა და კასპში გაფიცულ მუშებსა და “მინისა” და “საქნახშირი ჯი-აი-ჯის” ადმინისტრაციებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისა და სამუშაო დავების შეთანხმების გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს.

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორები დავის მოგვარებაში ჩართული არიან.

სამინისტროს ინფორმაციით, სს “მინის” საწარმოს ადმინისტრაცია მზად იყო გაფიცული დასაქმებულების სამივე მოთხოვნა- ადგილობრივი პროფკავშირისთვის ფართის გამოყოფა, ხელფასების ზრდა და კოლექტიური ხელშეკრულებების დადება- შეესრულებინა, თუმცა შეთანხმება ორივე მხარის ჩართულობით ვერ შედგა.

ჯგერენაიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, “საქნახშირი ჯი-აი-ჯის” ადმინისტრაცია ასევე მოლაპარაკებებს მართავს გაფიცულ დასაქმებულებთან. ჯგერენაიას თქმით, მაგალითები ცხადჰყოფს, რომ მედიაცია ხშირად წარმატებულად სრულდება, ხოლო შრომის კოდექსი დასაქმებულებსა და დამსაქმებელსაც ავალდებულებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

“როდესაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტულ შემთხვევებთან, როგორიც არის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენები, მინისტრის დავალებით იყო წარმოდგენილი კონკრეტული პირი, რომელიც იყო მივლენილი ორივე შემთხვევაში და გრძელდება ეს პროცესი. მინდა მოვუწოდო სამინისტროს სახელით ორივე მხარეს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოგვეცენ საშუალება, როგორც სამინისტროს, ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა შევასრულოთ, ვინაიდან ჩვენი მოვალეობაა პოზიციები დავაახლოვოთ და, შესაბამისად, შეთანხმებით დასრულდეს ეს პროცესი”, – განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

ჯგერენაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც გაფიცვა დასრულდება, შრომის ტექნიკური ინსპექცია საწარმოში შრომის პირობებს შეისწავლის. მისი თქმიღ, ტექნიკური ისნპექციის საწარმოში შესვლას გაფიცვა ხელს უშლის.

ჯგერენაიას განმარტებით, გასული 6 თვის განმავლობაში სულ 115 კომპანია შემოწმდა, აღნიშნული კომპანიები შეარჩიეს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი