ახალი ამბები

კვირიკაშვილი: თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები ჩირქს სცხებს მთლიანად მთავრობას

19 თებერვალი, 2016 • 1206
კვირიკაშვილი: თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები ჩირქს სცხებს მთლიანად მთავრობას

“თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები არის აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გუნდში არსებული კითხვები სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

“მინდა მოვუწოდო ჩვენს თანაგუნდელებს, ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, ალბათ, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია არა მხოლოდ ჩვენს კოალიციაზე, არამედ მზად ვართ, კარი გავუღოთ ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად აიღებს ტვირთს, რომელიც არ არის მსუბუქი და იმ პრინციპებით და იმ ხედვითე მსახურება ქვეყანას, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ. არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ ტელეკომოანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნებში ჩაერია და ამით კოალიცია დააზიანა.

“მან [ხიდაშელმა] მომაყენა შეურაცხყოფა და ამაზე გავეცი პასუხი. მას თუ მიაჩნია, რომ მე რამე ტყუილი ვთქვი, მე გავიმეორებ: მან დაარღვია კანონი და შეგვარცხვინა ჩვენ, იმიტომ, რომ ხალხის ნდობა კოალიციამ დაიმსახურა ამ არჩევნებით, დაინახა, რომ თურმე შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული არჩევნები. მან თავის ქცევით და თავის ჩარევით ძალიან დაგვაზიანა და არაერთხელ ჩვენი ოპონენტები გაგვიხსენებენ შემდეგ არჩევნებზე,”– განაცხადა გოგი თოფაძემ.

თუმცა, საუბრისას თოფაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაწილში დაირღვა კანონმდებლობა, ან რომელი კანონის კონკრეტულად რომელი მუხლი დაარღვია ხიდაშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი