ახალი ამბები

რესპუბლიკელები არ აკონკრეტებენ, გავლენ თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად

28 მარტი, 2016 • 1216
რესპუბლიკელები არ აკონკრეტებენ, გავლენ თუ არა საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად

“26–27 მარტს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას”, – ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აკეთებს.

ნეტგაზეთის კითხვას, თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რა საჭიროა რამდენიმე დღით დაცდა, სამნიძე პასუხობს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და პარტია თვითონ წყვეტს, როდის ამცნობს საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას.

მიიღებს თუ არა რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად? – ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას წინ უსწრებდა დაპირისპირება გოგი თოფაძესა და მრეწველთა პარტიასთან. გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა. კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების პროცესში პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი განცხადება გააკეთა: 19 თებერვალს მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და მთელ მთავრობას სცხებს ჩირქს, ხოლო 3 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. ამის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერთან შეხვედრა და “ქართული ოცნების” პარტიასთან ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გამოთქვა. თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი