ახალი ამბები

დეპუტატები პრემიერის განცხადებას აფასებენ

3 მარტი, 2016 • 1406
დეპუტატები პრემიერის განცხადებას აფასებენ

“მრეწველთა” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე პრემიერ-მინისტრის  განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ განცხადების შინაარსს იზიარებს:

“მე პირადად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსს, მთლიანად ვიზიარებ მის სულისკვეთებას, რომ საკითხი პოლიტსაბჭოზე უნდა იქნას განხილული და უნდა შეწყდეს დაპირისპირება.  მინდა აღუთქვა, რომ დავეთანხმებით მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თუ არ იყოს მტკივნეული. გოგი თოფაძე ცალკე არსად განიხილება, ის მრეწველთა პარტიის ლიდერია.”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას დროულს და საჭიროს უწოდებს. მისივე აზრით, თავდაცვის მინისტრის “ამ ტიპის დისკუსიებში ჩართვა” მართებული არ არის:

“ეს [განცხადება] იყო ძალიან დროული და ძალიან საჭირო. ეს განცხადება სწორედ იმისთვის გაკეთდა, რომ ეს დაპირისპირება დასრულდეს, რაც, სამწუხაროდ, არის კოალიციის სუბიექტებს შორის, და ჩვენი ყველა ნაბიჯი იყოს მიმართული ქვეყნის და საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე. პრემიერმა ყველას მიუთითა, რომ, ერთი მხრივ, დაუშვებელი და მიუღებელია თავდაცვის მინისტრის მიმართ ასეთი ტიპის ბრალდებების გამოთქმა და ეს[ბრალდებები] აზარალებს ხელისუფლებას. მეორე მხრივ, ხაზი გაუსვა იმ ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, რაც თავდაცვის მინისტრს აქვს  თითოეული ჯარისკაცის, ქვეყნის თუ მოქალაქეების წინაშე. ამ ტიპის დისკუსიებში ჩართვა მინისტრის მხრიდან მართებული არ არის.”

 

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლადგ ანვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, პარტიის უფლებამოსილი პირები დღეს პრემიერს შეხვდებიან, მანამდე კი განცხადებას არ გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი