ახალი ამბები

გია ვოსლკი: “რესპუბლიკელების” შემოთავაზების დეტალები არ ვიცი

4 მარტი, 2016 • 1234
გია ვოსლკი: “რესპუბლიკელების” შემოთავაზების დეტალები არ ვიცი

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე,  გია ვოლსკი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს შორის გასაფორმებელი ხეშეკრულების დეტალებს არ იცნობს:

“შემოთავაზება საინტერესოა, თუმცა მე პირადად მისი დეტალები არ ვიცი, არც ჩემმა გუნდის წევრებმა, და ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები გვექნება, როგორც კი თბილისში ჩავალთ. ჯერჯერობით შეთანხმება არ დადებულა და სანამ არ დაიდება, იქამდე დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა კოალიციის გამყარება ყოველთვის ეფუძნება ურთიერთკომპრომისს, ურთიერთდათმობას და შესაფასებელია, სადამდე შეიძლება იყოს კომპრომისი დაშვებული და საერთოდ, კომპრომისის საჭიროების საკითხზეც არ გვისაუბრია სიღრმისეულად. ”

მისივე თქმით,  “პრაგმატული გადაწყვეტილებაა მისაღები იმიტომ, რომ ერთმაც[მრეწველები] და მეორემაც [რესპუბლიკელები] მნიშვნელოვნად გადააჭარბა იმ ურთიერთობებს, რომელიც სჭირდება კოალიციური გუნდის შენარჩუნებას”.

“არა მარტო შენარჩუნებას, არამედ იმ სტრატეგიული კურსის გაგრძელებას, რაც მთავრობას და კოალიციას გააჩნია. ადმიანურ ურთიერთობებში, მგონი, არაფერი შეიცვლება, თუ არ გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი საერთო კოალიციური მოთხოვნაა, რომ ეს პირადული არ უნდა სცდებოდეს ზღვარს და პოლიტიკურ თემებში არ უნდა გადადიოდეს,”– აღნიშნავს გია ვოლსკი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერები: დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 3 მარტს შეხვდნენ.  შეხვედრის მიზეზი  კვირიკაშვილის 3 მარტს გავრცელებული განცხადება გახდა, რომლითაც მან მკაცრად გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა 3 მარტს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

პრემიერის განცხადებაზე რესპუბლიკურ პარტიას 3 მარტს კომენტარი არ გაუკეთებია და  პარტიის ლიდერებმა განაცხადეს რომ “მოულოდნელად შექმნილი რთული ვითარების გამო” კვირიკაშვილს შეხვდებოდნენ, რადგანაც პრემიერთან “კითხვები ჰქონდათ”.

3 მარტს,  გვიან ღამით შეხვედრიდან გამოსულმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრეს, მიიღეს თუ არა პასუხი იმ კითხვებზე, რაც ჰქონდათ, ან რა კითხვები ჰქონდათ.

პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 3 მარტს განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია “ სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში” აგრძლებს “ პარტნიორულ თანამშრომლობას”  და დაიწყეს საუბარი სამომავლოდ ორპარტიულ  შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დეტალურად არ განუმარტავთ, რას გულისმხობს ორპარტიული შეთანხმება, მაშინ, როცა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” სულ ხუთი პარტია შედის.


დაპირისპირება კოალიცია “ქართულ ოცნებაში”

2016 წლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

კოალიციის წევრმა დეპუტეტების ნაწილმა გოგი თოფაძის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა “მრეწველების” თავმჯდომარის გაკრიტიკებას არ მოერიდგნენ “რესპუბლიკელები”.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მას ეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. მალევე გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძება დაიწყო. ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიების დაწყებით პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი