ახალი ამბები

სამველ პეტროსიანი: ცალკეულ პოლიტიკოსებს ანტისომხური განწყობა აქვთ

17 თებერვალი, 2016 • 1515
სამველ პეტროსიანი: ცალკეულ პოლიტიკოსებს ანტისომხური განწყობა აქვთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა, სამველ პეტროსიანმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე  საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ანტისომხურ პროექტს უყარა კენჭი:

“დღეს საქართველოს ყველა ქვეყანასთან აწარმოებს კარგი ურთიერთობების შენარჩუნების პოლიტიკას, განსაკუთრებით მეზობლებთან. თუმცა, 27 იანვარს საქართველოს დელეგაციის ზოგიერთმა წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოიჩინეს რა არაობიექტურობა, არადაბალანსებული მიდგომა, კენჭი ანტისომხურ პროექტს უყარეს, რამაც გაოგნება და სხვადასხვა სახის საუბრები გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მიუხედავად ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ანტისომხური პოზიციისა, დარწმუნებული ვარ სომეხ და ქართველ ერებს შორის ძმური ურთიერთობები მომავალში უფრო გაღრმავდება და განვითარდება”.

პეტროსიანს არ დაუკონკრეტებია რა პროექტზეა საუბარი, თუმცა სავარაუდოდ მას მხედველობაში ჰქონდა იანვარში მიღებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სადავო წყლის რესურსებზე აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის. სომხეთში ეს დოკუმეტი ანტისომხურად აღიქვეს. რეზოლუციას საქართველოს დელაგაციის სამმა წევრმა დაუჭირა მხარი – თედო ჯაფარიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა და გიორგი კანდელაკმა.

პეტროსიანს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ უპასუხა. მისი თმით, საქმე პოპულისტურ განცხადებასთან გვაქვს:

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლიაზე საქართველოს დელეგაციამ, უმრავლესობის ნაწილს ვგულისხმობ, ჩაატარა მუშაობა და პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა, სამეზობლოში არანაირ დაძაბულობას და არანაირ დაპირისპირებას არ იწვევს და საერთოდ მოვეშვათ ამ პოპულისტურ განცხადებებს. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მეტი იქნება ეს პოპულისტური განცხადებები, საქართველო ჩვენი საერთო ქვეყანაა, ქართველისაც, სომეხისაც, აზერბაიჯანელისაც და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ამ ქვეყანაში. მართლაც გაუარესდა ენერგო მომარაგების საკითხები, ამ თემას მუშაობა ჭირდება და არა ასეთი განცხადებების გაკეთება, თითოს დაპირისპირება იქედან მოდის, რომ უარესი აქვს ჩაფიქრებული, რომ გააუარესოს სიტუაცია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი