სამხრეთ კავკასიის ამბები

PACE-ის რეზოლუცია სადავო წყლის რესურსებზე აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის

1 თებერვალი, 2016 • 1959
PACE-ის რეზოლუცია სადავო წყლის რესურსებზე აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] აზერბაიჯანის სასაზღვრო სოფლების მოსახლეობისთვის წყლის რესურსებზე წვდომის პრობლემაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა. თუმცა მოსახლეობისთვის პრობლემის გადაჭრა, როგორც ყარაბაღი ირწმუნება, მხოლოდ მასთან პირდაპირი მოლაპარაკებით იქნება შესაძლებელი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, 26 იანვარს, ბოსნიელი პარლამენტარის, მილიცა მარკოვიჩის რეზოლუცია “აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებთათვის წყლის მიწოდების წინასწარგანზრახული შეჩერება” მიიღეს. სომხეთში ეს დოკუმენტი მიიჩნიეს ანტისომხურად, რაც მიუთითებს მიკერძოებულ პოლიტიკურ ფორმულირებებზე, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანის პოზიციას ასახავს.

Sarsang-GEO
Create your own infographics

თუმცა მთიანი-ყარაბაღის ხელისუფლება ამას მშვიდად შეხვდა, და განაცხადა, რომ მარკოვიჩის ანგარიშში ახალი არაფერი ყოფილა: მთიანი ყარაბაღი უკვე რამდენიმე წელი სთავაზობს აზერბაიჯანს, ერთობლივად მოაგვაროს რეზოლუციაში აღნიშნული პრობლემა, თუმცა აზერბაიჯანი უარს აცხადებს არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.

მილიცა მარკოვიჩის ანგარიშში “აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონების მცხოვრებთათვის წყლის მიწოდების წინასწარგანზრახული შეჩერება” წერია, რომ აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, სარსანგის წყალსაცავის მიმდებარედ 100 ათასი ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო მიწები დაცარიელების რისკის ქვეშაა, რადგანაც ყარაბაღის მხარე იყენებს წყალს და ამით აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონების მოსახლეობას უწყლოდ ტოვებს.

PACE-ს სომხეთის დელეგაციის წევრი, ნაირა კარაპეტიანი აცხადებს, რომ “მილიცა მარკოვიჩის დასკვნა ცალმხრივია, რადგან მან გამოიძია საკითხი მხოლოდ აზერბაიჯანის მხარესთან თანამშრომლობით და არასოდეს ჩასულა მთიან- ყარაბაღში. ამასთან, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას აზერბაიჯანთან ერთად გამოეყენებინა სარსანგის წყალსაცავის რესურსი”.

სარსანგის წყალსაცავის მშენებლობა 1966 წელს დაიწყო, მისი მუშაობა კი – 1976 წელს. 1993 წლის ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად, წყალსაცავი არაღიარებული რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ მოექცა. მისი ტევადობა 560 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, მოცულობა 500 მილიონი კუბური მეტრია და გამტარუნარიანობა- წამში 900 კუბური მეტრი. წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 130 მეტრია. წყალსაცავი გამოიყენება სარწყავი და ენერგეტიკული მიზნებისთვის.

სარსანგის წყალსაცავი: პოლიტიკური თუ ეკოლოგიური პრობლემა?

ჯერ კიდევ 2014 წლის 20 მაისს ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა თავის განცხადებაში იმედი გამოთქვეს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმებას მიაღწევენ სარსანგის წყალსაცავის წყლის რესურსის ერთობლივად გამოყენებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა, რომ სარსანგის წყალსაცავი სომხეთის ხელში გახდა ეკოლოგიური იარაღი, რომლის დახმარებით სომხეთი წყალსაცავის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას აგრესიის საფრთხეს უქმნის. ამის პასუხად მთიანი-ყარაბაღის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, არტურ აგაბეკიანმა განაცხადა, რომ 1998 წლიდან დაწყებული, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება სხვადასხვა არხით აზერბაიჯანს თანამშრომლობას სთავაზობდა.

რას ითვალისწინებს წყალსაცავის ერთობლივი გამოყენება მთიანი-ყარაბაღის აზრით?

 

სარსანგის წყალსაცავის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რეზოლუციის მიღების დღეს არტურ აგაბეკიანმა, მთიანი ყარაბაღის პრემიერის მოადგილემ, ფეისბუკის გვერდზე დაწერა: იმისთვის, რომ PACE-ს რეზოლუცია სიმართლეს შეესაბამებოდეს, აუცილებელია, ჯერ კიდევ 2002 წელს წყალსადენის მშენელობის დაპროექტების საკითხში არწახთან თანამშრომლობა. პროექტის შესაბამისად, წყალი წყალსაცავიდან მარტაკერტის, ასკერანისა და მარტუინის რაიონებს მიეწოდება. პროექტი 15 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

მთიანი-ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა არტაკ ბეგლარიანმა ნეტგაზეთთან საუბარში სარსანგის წყალსაცავთან შექმნილ ვითარებასა და წყლის რესურსის ერთობლივად გამოყენების შესახებ განმარტა:

“არწახის ხელისუფლება აზერბაიჯანს სთავაზობს წყლის რესურის ერთობლივად გამოყენებას იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი თავის მხრივ აღადგენს და აამუშავებს წყალსადენის მთავარ კვანძს, რომელიც მის კონტროლქვეშაა. ეს ორივე მხარის სოფლების მოსახლეობას წყლის გამოყენების საშუალებას მისცემს. ამჟამად წყასადენის აღნიშნული კვანძი აზერბაიჯანის მიერ დახურულია”, – აცხადებს პრემიერის პრესმდივანი.

სარსანგის ჰიდროელექტროსადგური

სადგური უკვე 39 წელია მუშაობს. ჰიდროელექტროსადგური მთიანი ყარაბაღის ელექტროენერიის მოხმარების 40-60%-ს უზრუნველყოფს.

ჰიდროელექტროსადგურიის სეზონური სამუშაო განრიგი ასეთია: ზაფხულში ამუშავებს ნაკლებს ელექტროენერგიას, ვიდრე ზამთარში. ამ მიზეზით აზერბაიჯანის მხარე ჩივის, რომ მისი ფუნქციონირების გამო ზაფხულში მათ წყალი არ მიეწოდებათ.

საპასუხოდ, ყარაბაღის მხარე განმარტავს, რომ ზამთრის სეზონზე აზერბაიჯანის მხარეს მიეწოდება წყალი სარსანგის წყალსაცავიდან, ზაფხულში კი წყალი ყარაბაღის მოსახლეობის წყლის საჭიროებისთვის იხარჯება.

ჩვენს კითხვაზე, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს PACE-ს მიერ  მიღებულ რეზოლუციას სარსანგის ჰიდროელექტროსადგურზე, ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი არტაკ ბეგლარიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ “აღშნიშნული რეზოლუცია არანაირ გავლენას არ მოახდენს ჰიდროელექტროსადგურის მუშაობაზე, არავის შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ჩვენი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაზე, ჩვენ თავად ვწყვეტთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი წყლის და სხვა რესურსები. ჩვენ ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას გაწერილი განრიგითა და მოცულობით განვარგძობთ. ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ სარსანგრის წყალსაცავთან დაკავშირებული ახალი პროექტების რეალიზაცია შესაძლებელია მომავალში.

კერძოდ, ჩვენს ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მუშაობა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს აზერბაიჯანის მხარისგან დამოუკიდებლად შეუფერხებლად მიეწოდოს სარგსანგის წყალსაცავიდან წყალი ჩვენი სოფლის მოსახლეობას. საჭირო რესურსის მოსაზიდად მიმდინარეობს მუშაობა და უკვე გვაქვს გარკვეული წარმატებაც”.

ემუქრება თუ არ ეკოლოგიური კატასტროფა სარსანგის წყალსაცავს?

PACE-ს დეპუტატი მილიცა მარკოვიჩი თავის ანგარიშში დიდ ადგილს უთმობს წყალსაცავს. კერძოდ, ის მიუთითებს, რომ ძლიერი წვიმების შედეგად წყალსაცავი შესაძლოა წყალდიდობის მიზეზიც გახდეს. პარლამენტარის დაკვირვებით, წყალსაცავის კაშხალი რემონტსა და აღჭურვას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიის ან დივერსიის შემთხვევაში შეიძლება აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფლების 400 ათასი მკვიდრი დაზარალდეს.

მთიანი ყარაბათის მთავრობის პრესმდივანი, არტაკ ბეგლარიანი ამბობს, რომ მილიცა მარკოვიჩს არ უნახავს წყალსაცავი და, ბუნებრივია, არ შეეძლო მსგავს დასკვნამდე მისვლა. ბეგლარიანის თანახმად, მარკოვიჩი სიტუაციის შეფასების გარეშე აზერბაიჯანის მოსაზრებებს ავრცელებს.

“ის არ ჩასულა არწახში და, ზოგადად, არც ერთ საერთაშორისო ექსპერტს არ ჩაუტარებია გამოძიება და არ შეუფასებია წყალსაცავის მდგომარეობა. ასეთი გამოძიება აზერბაიჯანელებსაც არ ჩაუტარებიათ და მათ ეს შეფასება არ გააჩნიათ. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ კაშხალს არანაირი არსებითი პრობლემა არ აქვს, და პირველ რიგში, ეს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას შეეხება. ჩვენ უზურნველვყოფთ კაშხლის უსაფრთხოებას”,- ამბობს არტაკ ბეგლარიანი.

წყლის ერთობლივად გამოყენება შესაძლებელი იქნება, თუ აზერბაიჯანი პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს მთიანი- ყარაბაღის ხელისუფლებასთან

წყლის ერთობლივი გამოყენებისთვის საჭიროა თანამშრომლობის გარკვეული ფორმა. მთიანი-ყარაბაღის თანამდებობის პირები თავის განცხადებებში აზერბაიჯანს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ.

არტაკ ბეგალარიანი მიიჩნევს, რომ ასეთი პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ სხვა ყველაფერი ტექნიკური საკითხია.

“საკითხს მხოლოდ პოლიტიკური ნება განაპირობებს, თუ აზერბაიჯანი მზად იქნება, წყლის ერთობლივი გამოყენება შესაძლებელია. თუ მზად არ იქნება, შეუძლებელია. აზერბაიჯანის მხარის დღევანდელი გამოხმაურებების შემდეგ არწახის ხელისუფლებას დიდად არ სჯერა წყლის ერთობლივი გამოყენების იდეის. მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს რეალისტურია, თუკი აზერბაიჯანი პოლიტიკურ ნებას გამოხატავს თანამშრომლობისთვის ამ ჰუმანიტარულ საკითხში, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ საკითხებთან”.

არტაკ ბეგლარიანი; ფოტო: ნეტგაზეთი

არტაკ ბეგლარიანი; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი