ახალი ამბები

წიკლაური: გადაიხადოს ბევრი ფული ბიძინამ და სადაც უნდა იქ წაიღოს ხეები

11 თებერვალი, 2016 • 1269
წიკლაური: გადაიხადოს ბევრი ფული ბიძინამ და სადაც უნდა იქ წაიღოს ხეები

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც  ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე მსჯელობენ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის სანაცვლოდ სახელმწიფო მცირე თანხას ახდევინებს:

“სხვადასხვა სახელმწიფოს ისტორიაში არის შემთხვევები, როცა რომელიმე მილიარდერი ადამიანი გადაწყვეტს, რომ რომელიმე მწვერვალს რამე მოატეხოს და თავის ეზოში გადაიტანოს, ან ხეები ამოთხაროს და ეზოში დარგოს. ასეთი ადამიანები მიმართავენ სახელმწიფოს და სახელმწიფო ყოველთვის იცავს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. ამ მილიარდერს დაუჯდება მრავალი მილიონი, თუ ასწლოვანი ხეების გადარგვა მოუნდება. მაშინ, როცა გლეხებს ვაჯარიმებთ ნაფოტის ტყიდან გამოტანისთვის, ამ შემთხვევაში ერთ, ძალიან მდიდარ ადამიანს რატომ ვაძლევთ შესაძლებლობას, მხოლოდ 5 ათას ლარად არა მარტო ეს ხეები ამოიღოს, არამედ მოსპოს მიკროსამყარო. შეშის ფასიც კი არაა ის ფასი, რაც გადაიხადა ამ მდიდარმა ადამიანმა, რომ თავისი ხუშტური აიხდინოს. გადაიხადოს ბევრი ფული ბიძინამ და სადაც უნდა იქ წაიღოს ხეები”

“ნეტგაზეთის”კითხვაზე, მთავარი საკითხი ხეებისთვის გადახდილი საფასურია, თუ ის, რომ ხეები არ გადაიტანონ, დეპუტატი პასუხობს:

“თუ სახელმწიფო დგება დილემის წინაშე გასცეს, თუ არა ნებართვა, მინიმუმ ის მაინც უნდა უზრუნველყოს, რომ თავისი ხალხისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ძალიან სერიოზული იყოს შემონატანი, რომელიც შეიძლება ღირდეს იმად, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაიტანონ მცენარე. სახელმწიფომ ესეც არ გააკეთა, ქვეყანა არის დისფუნქციური, ხალხის ინტერესებს არ იცავს და პირდაპირ გადასულია მაამებლობაზე. ყველამ იცის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი და მას ჩალის ფასად, უფრო იაფად, ვიდრე ამ რაოდენობის შეშის საფასური იქნებოდა, გადასცა ხეების ამოღების უფლება. ამაზეა საუბარი, თორე ეკოლოგიური პრობლემა კიდე სხვა პრობლემაა და ისიც ასევე, სერიოზული პრობლემაა. ”

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი