ახალი ამბები

ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა — წიკლაური

30 იანვარი, 2023 •
ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა — წიკლაური

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, წიკლაური აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არსად წასვლას არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, რადგან ეს პარტია მიაჩნია ქართულ ეროვნულ მოძრაობად, რომლის ნაწილად თვლიდა თავს ბავშვობიდან დღემდე. წიკლაურის თქმით, არ ეთანხმება ახლად არჩეული ხელმძღვანელობის კურსს და მათ ოპონირებას გაუწევს.

„დემოკრატიული ტრადიცია, რასაც ჩვენი პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს, არის ფასდაუდებელი ყოველი ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ამავე დროს, მიმაჩნია და ვალდებული ვარ, ვთქვა, რომ დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე, რაც არის ზიანის მომტანი საერთო საქმისთვის. პოლიტიკური მიზნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება“, — წერს წიკლაური.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია. ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

ნიკა მელია აცხადებს, რომ რჩება პარტიაში, „სანამ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის რეჟიმის ტყვე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი