ახალი ამბები

წიკლაური ხაბეიშვილზე: იმედია, ეს მისი გადაწყვეტილებაა და არა რაიმე არაფორმალური ცენტრის

16 ნოემბერი, 2022 • 640
წიკლაური ხაბეიშვილზე: იმედია, ეს მისი გადაწყვეტილებაა და არა რაიმე არაფორმალური ცენტრის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ტელეკომპანია „პირველთან“ აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარედ კანდიდატურის წარდგენა მოულოდნელი იყო, რადგანაც თავად ხაბეიშვილი სულ რაღაც ერთი კვირის უკან აღნიშნულს გამორიცხავდა.

წიკლაური იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილმა თავად მიიღო და არა რაიმე „არაფორმალური ცენტრის“ გავლენით:

„ცხადია, ლევან ხაბეიშვილს უფლება ჰქონდა დაეყენებინა კანდიდატურა და მან ეს გამოიყენა. ცოტა მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ერთი კვირის წინ მან თავად თქვა, არავითარ შემთხვევაში არ დააყენებდა კანდიდატურას, ახლა ეს გადაწყვეტილება შეცვლილია, არის გარკვეული მერყეობა და იმედია, ეს მისი გადაწყვეტილებაა და არა რაიმე არაფორმალური ცენტრის, რომელმაც შეცვალა გადაწყვეტილება და ახლა გაუჩნდა მას სრულიად სხვა სურვილი“, – ამბობს წიკლაური.

ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად, წიკლაური არ ასახელებს, რა „არაფორმალურ ცენტრზე“ შეიძლება იყოს საუბარი:

„5 დღის წინ ადამიანს ჰქონდა სხვა პოზიცია და ახლა სხვა. ეს არის მერყეობის გამოხატულება და რა ფაქტორები იყო ამ გადაწყვეტილების შეცვლისა, ვერაფერს მოგახსენებთ. ჩვენ ყველანი მივესალმებით იმ ტონალობას, რომელიც განსხვავდება რამდენიმე დღის წინანდლისგან და კარგია, რომ არის თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯებისკენ მოწოდება. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს პოლიტიკური პერიოდი ერთიანობით და კონსოლიდაციით“, – ამბობს ნუგზარ წიკლაური.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. ამის შესახებ მან დღეს, 16 ნოემბერს, ენმ-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მეგობრებთან და თანამებრძოლებთან რამდენიმედღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი