ახალი ამბები

ხიდაშელი ფარულ პატრულირებაზე: ავტომობილს უნდა მიეთითოს, რომ მიმდინარეობს ვიდეოჩაწერა

9 თებერვალი, 2016 • 1383
ხიდაშელი ფარულ პატრულირებაზე: ავტომობილს უნდა მიეთითოს, რომ მიმდინარეობს ვიდეოჩაწერა

რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის წევრის, თამარ ხიდაშელის თქმით, ფარული პატრულირებისას ავტომობილზე განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს ვიდეოჩაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, ადამიანის უფლებები დაირღვევა:

“აუცილებელია, ავტომობილზე მიეთითოს, რომ მიმდინარეობს ჩაწერა. ქუჩებში, სადაც ვიდეოკამერებია განთავსებული, მითითებულია, რომ მიმდინარეობს ვიდეოჩაწერა, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. უკონტაქტო პატრულირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდაპირველი პოზიცია იყო, რომ ავტომობილზე არ იქნებოდა მითითება და ეს იქნებოდა ჩვეულებრივი ავტომობილი, თუმცა მუშაობის პროცესში, ვფიქრობ, სამინისტრო დავითანხმეთ იმაზე, რომ ავტომობილზე აუცილებლად იქნება აღნიშნული ეს წარწერა, თუმცა პროექტი ამ სახით ჯერ არ არის შემოტანილი.”

თამარ ხიდაშელის განმარტებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს რესპუბლიკური პარტიის ფრაქცია მხარს არ დაუჭერს.

საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ფარული პატრულირების შემღება, რასაც  საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება ადამიანის პირად ცხოვრებას.

წარმოდგენილი ცვლილებებით, პოლიციას შეეძლება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარ ნიშნების არმქონე პოლიციის კუთვნილ ავტომანქანაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა.

მოქმედი კანონის თანახმად კი,  დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აცხადებს, რომ ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს.

მასალების გადაბეჭდვის წესი