ახალი ამბები

დეპუტატები გოგი თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის სალანძღავ სიტყვად გამოყენებას აფასებენ

3 თებერვალი, 2016 • 1881
დეპუტატები გოგი თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის სალანძღავ სიტყვად გამოყენებას აფასებენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეფასებას არ უკეთებს გოგი თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის სალანძღავ სიტყვად გამოყენებას. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” განაცხადა:

“მოდით, ნუ შემაფასებინებთ კოლეგების გამოსვლებს. ამ შეფასების დროს შეიძლება მე თვითონ აღვმოჩნდე არაეთიკურ მდგომარეობაში და ჩემგან კორექტული არ იქნება შევაფასო, თუ ვინ და როგორ საუბრობს. “.

ლევან ბერძენიშვილისთვის გაუგებარია, რატომ გამოიყენა თოფაძემ ეს ტერმინი:

“პრეზიდენტის გამოსვლას მოვუსმინე და იქ ასეთი არაფერი ყოფილა. როგორც ჩანს, რომელიღაც სხვა გამოსვლა იგულისხმებოდა. ამ ტერმინის ასეთ კონტექსტში მოხსენება შეურაცხმყოფელია. არ მგონია, რომ პრეზიდენტს ეს ბრალი უნდა დაედოს. მართალი გითხრათ, ეს რა იყო, ვერ მივხვდი, ბატონი გოგის გამონათქვამს ბოლომდე ვერ ჩავწვდი.”

“თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრი ნინო გოგუაძე ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი დაუნის სინდრომს სალანძღავ სიტყვად არ გამოიყენებდა:

“სამწუხაროა, რომ ვერც კი გააცნობიერა, რა თქვა. შეურაცხყოფა დააბრალა გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ძალიან კორექტული და განათლებული ადამიანია, შეუძლებელია ამ კონტექსტში ეხსენებინა დაუნის სინდრომი. გოგი თოფაძემ თვითონ გამოიყენა დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არაფრით არ შეიძლება,”- აღნიშნავს გოგუაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი გოკა გაბაშვილი კი მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძე საჯარო სივრცეში მიუღბელი გამონათქვამების გამოირჩევა:

“ბატონი თოფაძე გამოირჩევა პარლამენტარისთვის მიუღებელი გამონათქვამებით და ზოგადად, საჯარო სივრცისთვის მიუღებელი გამონათქვამებით. არ ვიცი, ეს რითი არის განპირობებული. არ ვიცი, რა განათლების, რა აზროვნების შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მიუღებელია ასეთი განცხადებები.”

გოკა გაბაშვილი გოგი თოფაძის იმ განცხადებასაც იხსენებს, რომლის თანახმად, ის პარლამენტის დატოვებას აპირებდა და აღნიშნავს, რომ “ეს ქართული ოცნების კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებაა.”

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

“თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ აღნიშნული პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ დროში განაცხადა.

დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტს გამოსვლისას სიტყვა დაუნი ან დაუნის სინდრომი არ გამოუყენებია და არც საქართელოს მოსახლეობა შეუდარებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა.  “დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძესდაშალვა ნათელაშვილს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე, დაბადების შემდგომ პერიოდში.

ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი, 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომიას“ უწოდებენ.  სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი