ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძე: “მაესტროში” საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ

2 თებერვალი, 2016 •
გია გაჩეჩილაძე: “მაესტროში” საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ

გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი), რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. როგორც გაჩეჩილაძემ “იმედს” განუცხადა,  მხოლოდ იმ ადამიანებს დაუპირისპირდება, ვინც “მაესტროს” გაკოტრებას შეეცდებიან.

“არაფერს, შესაბამისად, არც საკადრო ცვლილებებს ვაპირებ. არავისთან კონფლიქტს და არც ჟურნალისტების გაშვებას ვაპირებ. დავუპირისპირდები მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მაესტროს გაკოტრებას შეეცდებიან. ამ ტელევიზიაში იმდენი ენერგია და სისხლია ჩაღვრილი, რომ არ შეიძლება მარტივად მისი ბედის გადაწყვეტა”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, 2016 წლის 4 თებერვალს პარტნიორთა საბჭო ტელეკომპანიის დირექტორის ბაია გადაბაძის თანამდებობიდან დასათხოვნად და ახალი დირექტორის ასარჩევად შეიკრიბება.

“პარტნიორ გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენლის, ირაკლი კორძახიას მიერ მოწვეულია პარტნიორთა კრება. კრება მოწვეულია 2016 წლის 4 თებერვალს, 12 საათზე და დღის წესრიგი წარმოადგენს დირექტორის გადაყენებასა და ახალი დირექტორის დანიშვნას”, – განუცხადა “მაესტროს რვიანს” “მაეტროს” იურისტმა ნინო ელოშვილმა.

ტელეკომაპნიაში აცხადებენ, რომ დირექტორი ბაია გადაბაძე პრესკონფერენციას ხვალ, 2 თებერვალს გამართავს.

1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელიც ტელეკომპანია მასტროს 25%-იან წილს ფლობდა, სხვა მეწილეებისგან წილის 30% შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი