ახალი ამბები

HRIDC: აგვისტოს ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას

28 იანვარი, 2016 • 1667
HRIDC: აგვისტოს ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) მიესალმება იმ ფაქტს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურატურის ოფისს გამოძიების დაწყების ნებართვა დართო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას და დამნაშავე პირთა მსჯავრდებას. HRIDC-ში აცხადებენ, რომ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის არც ერთი სახელმწიფოს ოფიციალური პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

2015 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას 193 დაზარალებულის პოზიცია წარუდგინა და მსხვერპლთა სახელით მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას გამოძიების დაწყების თაობაზე. HRIDC-ის ადვოკატები ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულების ინტერესებს წარმოადგენენ.

2008 წლიდან მოყოლებული, HRIDC აკვირდებოდა აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მსვლელობას საქართველოში. 2011 წელს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში – „არ შეუძლია, თუ არ უნდა?!“ ამ ანგარიშში, რომლის მომზადებაშიც ადამიანის უფლებათა ცენტრიც მონაწილეობდა, აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლებას ნაწილობრივ არც უნარი აქვს და არც სურვილი, აწარმოოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის დანაშაულებების ეფექტური გამოძიება“. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აქტიურად გადადგას ნაბიჯები ამ დანაშაულების გამოსაძიებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაწილეობით შეიქმნა კოალიცია ”სისხლის სამართლის სასამართლოსთვის”, რომელმაც 2012 წელს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს პეტიციით მიმართა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა საქმეების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოსა და რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაწყებული გამოძიება არ მიმდინარეობდა რომის სტატუტის მოთხოვნათა დაცვით.

პარალელურად, 2009 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ დაახლოებით 130 პირის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სიცოცხლის, წამების აკრძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის დადგენა მოითხოვა. საქმეები რუსეთის წინააღმდეგ დღემდე იხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2015 წლის 14 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH www.fidh.org) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაავრცელეს ერთობლივი პრესრელიზი, სადაც ხაზგასმულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გააქტიურების მნიშვნელობა. HRIDC აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა, იმედს აძლევს დაზარალებულებს – ომისა და ეთნოწმენდის მსხვერპლ მოქალაქეებს, რომლებსაც საშუალება მიეცათ, პირადად მიმართონ ჰააგის სასამართლოს.

 

2008 წლის აგვისტო; ცხინვალი. ფოტო: epa

2008 წლის აგვისტო; ცხინვალი. ფოტო: epa

საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC), 27 იანვრის გადაწყვეტილებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლება მისცა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ 2008 წლის კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება მიუკერძოებელი იქნება.

პროკურორი 2015 წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა. იგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ოფიციალური ცხინვალი აცხადებს, რომ ფატუ ბენსუდა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტუმრობის შესაძლებლობას მიმართვის შემდეგ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი