ახალი ამბებისამართალი

ბენსუდა: 2008 წლის კონფლიქტის გამოძიება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი იქნება

28 იანვარი, 2016 • 1617
ბენსუდა: 2008 წლის კონფლიქტის გამოძიება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი იქნება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ 2008 წლის კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება მიუკერძოებელი იქნება.

“ჩემი ოფისის გამომძიებლები სხვადასხვა წყაროს მეშვეობით მტკიცებულებებს მოაგროვებენ. ჩვენი გამოძიება, ისე როგორც ყველა შემთხვევაში, მოუკერძოებელი და დამოუკიდებელი იქნება. გამოძიების მიმდინარეობისას არ გავახმაურებთ გამოძიების არც ერთ დეტალს, ის იქნება საიდუმლო. გამოძიება გაგრძელდება იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება საკმარისი მტკიცებულებების მოსაგროვებლად. ოფისისთვის მნიშნელოვანია ყველა მხარის მხარდაჭერა და თანამშრომლობა გამოძების პროცესში”, – განაცხადა ბენსუდამ 27 იანვარს სოციალურ ქსელ იუთუბზე ჰააგის სისხლის სმაართლის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

ბენსუდას განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობაში ჩართული იქნება კონფლიქტში ჩართული სამივე მხარე: საქართველოს შეიარაღებული ძალები, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები და რუსეთის შეიარაღებული ძალები. პროკურორი იმედოვნებს, რომ მათი მონაწილეობით მიიღებს “ყველა ხელმისაწვდომ და სანდო ინფორმაციას საქართველოში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ.”

პროკურორის განცხადებით, გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

ბენსუდას თქმით, დამნაშავეების დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უეჭველ სამხილებს მოიპოვებს. როდესაც საკმარის მტკიცებულებებს მოაგროვებს, მიმართავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ კონკრეტული პიროვნების დაკავების ნებართვა გასცენ.

ბენსუდა ამბბოს, რომ მისმა ოფისმა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო კონფლიქტის პირველადი გადასინჯვა. კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის სასამართლოს არ შეუძლია გააგრძელოს გამოძიება, თუ ადგილობრივი ხელისუფლები ეფექტურ გამოძიებას აწარმოებენ, თუმცა ამ დრომდე ქართული და რუსული მხარის გამოძიებები კვლავ მიმდინარეობს, აცხადებს ბენსუდა.

პროკურორის თქმით, გასული წლის მარტში ქართული გამოძიება განუსაზღვრელი დროით შეჩერდა, ხოლო რუსული გამოძება კვლავ მიმდინარეობს.

საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) 27 იანვრის გადაწყვეტილებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების უფლება მისცა.

პროკურორი 2015 წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა. იგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ოფიციალური ცხინვალი აცხადებს, რომ ფატუ ბენსუდა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტუმრობის შესაძლებლობას მიმართვის შემდეგ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი