ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

27 იანვარი, 2016 • 1462
უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა და მსგავსი საკითხები განხილვის საგანი აღარ უნდა გახდეს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ხელისუფლებას ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. ეროვნული უშიშროების საბჭო ნატოს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომაზე დღის წესრიგით ორი საკითხს განიხილავენ:

  1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;
  2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას მხოლოდ ერთხელ – 2014 წლის 28 ოქტომბერს დაესწრო. საბჭოს სხვა სხდომებს პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრება საბჭოს სხდომაზე საჭირო არ იყო.

ღარიბაშვილმა უშიშროების საბჭოს პარალელურად მთავრობაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საბჭო შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერის დაუსწრებლობის ტრადიცია ღარიბაშვილის წინამორბედმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ივანიშვილი 2013 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრო, რადგან ის პრეზიდენტის “პიარაქციად” მიიჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი