ახალი ამბები

ლავროვი: დიპურთიერთობების არარსებობის ფონზე უვიზო რეჟიმის საკითხის განხილვა უცნაურია

26 იანვარი, 2016 • 1186
ლავროვი: დიპურთიერთობების არარსებობის ფონზე უვიზო რეჟიმის საკითხის განხილვა უცნაურია

მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მზად არის, თუმცა, სანამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამ საკითხის განხილვა უცნაურია. რია ნოვოსტის ინფორმაციით, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ჩვენ მზად ვართ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმზე გადავიდეთ, მაგრამ ცოტათი უცნაურია, თუ ეს საკითხი იმ პერიოდში განიხილება, როდესაც ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია”, – განაცხადა ლავროვმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ შეწყდა თბილისის ინიციატივით. განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქებიისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მზად იყო, გასული წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა გააკეთა, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისათვის ცალმხრივად სავიზო რეჟიმი გაუქმებული აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი