სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა გობაძის გარდაცვალებასთან დაკავაშირებით. უსაფრთხოების სამსახურში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ხვიჩა გობაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელით გასული წლის ნოემბერში მუქარის შემცველი ქართულენოვანი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ის სირიაში იმყოფებოდა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელ Facebook-ში ავრცელებს ასევე გობაძის ცოლი სალი ქათამაძე.
თანასოფლელების ინფორმაციით, ხვიჩა გობაძის ოჯახის ახლობლებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„დეიდამ და ბიძამ არაფერი იციან. ისინი ამბობენ, რომ მათ არ ჰქონდა ხვიჩასთან არც სატელეფონო და არც ფეისბუქკავშირები. იციან ის, რომ მისი [გობაძის] მეუღლისთვის, სალომე ქათამაძისთვის დაურეკია თუ მოუწერია ხვიჩას მეგობარს და უთქვამს – ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპაო. ახლა ბიძა და დეიდა ემზადებიან ბათუმში წასასვლელად“, – უთხრეს „ნეტგაზეთს“ სოფელ დიდაჭარაში, საიდანაც წარმოშობით არის ხვიჩა გობაძე.
ხვიჩა გობაძის ცოლი და მშობლები ბათუმში ცხოვრობენ. მას ჰყავს ერთ წლამდე ქალიშვილიც.