ახალი ამბები

რესპუბლიკელებს აინტერესებთ, რატომ შეცვალა 2 თვეში კალაძემ პოზიცია გაზპრომთან დაკავშირებით

13 იანვარი, 2016 • 2190
რესპუბლიკელებს აინტერესებთ, რატომ შეცვალა 2 თვეში კალაძემ პოზიცია გაზპრომთან დაკავშირებით

საპარლამენტო ფრაქცია რესპუბლიკელების წევრი თამარ კორძაია გაკვირვებას გამოთქვამს იმ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, რაც გაზპრომის  შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს 2 თვის წინანდელ და ახლანდელ პოზიციებშია. იგი ითხოვს დასაბუთებას, თუ რატომ შეიცვალა სამინისტროს პოზიციები ამ ორი თვის განმავლობაში.

კორძაია განმარტავს, რომ  როდესაც პირველად დაიწყო საუბარი გაზპრომთან ურთიერთობების განახლებაზე, მათ ენერგეტიკის სამინისტროში  წერილი გაგაზავნეს, პასუხი კი გასული წლის 30 ოქტომბერს მიიღეს.

“გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხს,”– აცხადებს კორძაია “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გუშინ ენერგეტიკის მინისტრისა და ექსპერტების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველო გაზპრომისგან გაზის დამატებით ყიდვას გეგმავს, ვინაიდან ზამთრის თვეებში აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში კი, ფრაქცია რესპუბლიკელების კითხვაზე “განიხილება თუ არა გაზპრომისგან გაზის დამატებითი მოცულობის შეძენის საკითხი (გარდა იმისა, რასაც ვიღებთ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად) და თუ კი, რა ფასად?” პასუხი შემდეგია:

“როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სოკართან გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან. სახელმწიფო გაზპრომიდან კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დარეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.”

კორძაია ამბობს, რომ როგორც ამ პუნქტიდან ჩანს, არც სოციალურ და არც კომერციულ გაზზე რუსეთიდან გაზის მოწოდების  ზრდა არ იგეგმებოდა. იგი ითხოვს დასაბუთებას, თუ რატომ შეიცვალა ვითარება ამ ორი თვის განმავლობაში.

“გუშინ კიდევ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დიახ, უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად, რაც აქვს საქართველოს. მაგრამ მაშინ გვჭირდება დასაბუთება, რომელი სეგმენტი იზრდება და რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში ისე, რომ ეს პირობები შეიცვალა. და დღეს, ორი თვის შემდეგ ჩვენ ვიგებთ იმას, რომ გაზპრომისგან უნდა გავზარდოთ იმიტომ, რომ ორი თვის წინ მსგავსი რამ არ იგეგმებოდა,”– ამბობს დეპუტატი.

რესპუბლიკური ფრაქციის კიდევ ერთ შეკითხვაზე – “გათვლილია თუ არა ის პოლიტიკური ფასი, რომელიც, შესაძლოა, გამოიწვიოს არასაიმედო პარტნიორის („გაზპრომის“) მიერ მოწოდებული გაზის მოცულობის ზრდამ?” ენერგეტიკის სამინისტრო პასუხობს:

“იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება სახელმწიფოს მიერ გაზპრომიდან კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა გაზპრომის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში არსებობს მეთოდოლოგია ე.წ. stress tests, რომელიც გამოყენებული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა ქვეყნების რუსეთიდან მოწოდებული ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შეფასების მიზნით. საქართველოც იყო ჩართული ამ პროცესში და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით რისკები მინიმალურად შეფასდა,”– აღნიშნულია სამინისტროს პასუხში.

კორძაიას თქმით, ფრაქცია რესპუბლიკელებს აქვთ შეკითხვა, რომ ამ ორი თვის განმავლობაში, რაც ვითარება შეიცვალა, არის თუ არა შეფასებული ამ ყველაფრის პოლიტიკური ფასი.

“ჩვენ  გვჭირდება პასუხი, რა მოხდა ფაქტობრივად ისეთი ორი თვის განმავლობაში, რომ ამ წერილის შინაარსი შეიცვალა”– ამბობს თამარ კორძაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი