ახალი ამბები

კვირიკაშვილი: გპირდებით, რომ პირადად დიდ ყურადღებას დავუთმობ ძველი თბილისის საკითხს

29 დეკემბერი, 2015 • 1410
კვირიკაშვილი: გპირდებით, რომ პირადად დიდ ყურადღებას დავუთმობ ძველი თბილისის საკითხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სივრცითი დაგეგმარების შესახებ ახალი კოდექსი უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს დასამტკიდებლად. პრემიერობის კანდიდატი თბილისის დაგეგმარების შესახებ გენერალური გეგმის მომზადებას ელის თბილისის მერიისაგან. ძველი თბილისის საკითხს კი პირადად მიაქცევს ყურადღებას.

”თბილისში მშენებლობის სექტორიში არის აბსოლუტური ქაოსი – ეს არის კოეფიციენტების კუთხით, გენგეგმის არარსებობის კუთხით, ზონალური დაგეგმარების კუთხით. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ სივრცითი დაგეგმარების ახალი კოდექსი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ პარლამეტს, რათა უმოკლეს ვადებში იქნას მიღებული. ამიტომ არის საჭირო თბილისის გენგეგმა. რამდენადაც ვიცი, თბილისის მერია საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი მშენებლობების რაოდენობის შესამცირებლად სამშენებლო კოეფიციენტებზე დაწესებული შეზღუდვები იქნება:

”სხვა იურიდიული მექანიზმები არ არსებობს – ერთადერთი არის, რომ კოეფიციენტების ყიდვის პრეტენდენტები მაქსიმალურად შევამციროთ და მერიამ მენეჯერულ დონეზე უნდა მოაგვაროს, რომ მაღალსართულიანი შენობები არ ჩნდებოდეს ქალაქში. ეს არის იმ ადამიანების უფლებების დარღვევა, რომლებმაც შეიძინეს კერძო სახლები და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდნენ მაღალსართულიანი კორპუსის ძირში.”

კვირიკაშვილი ასევე ეხმაურება ძველ თბილისში ისტორიული ძეგლების შენარჩუნების საკითხს.

”ძველი თბილისი უნდა გახდეს ნებისმიერი ჩვენგანის ზრუნვის საგანი. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ თაობებს არ შევუნახოთ ის იმ სახით, როგორიც ჩვენ გადმოგვეცა. გპირდებით, რომ პირადად დიდ ყურადღებას დავუთმობ ამ საკითხს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პარლამენტში პარლამენტარების შეკითხვებს პასუხობს.

დღეს პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხს განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, პარლამენტი დღესვე დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი