ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო

25 დეკემბერი, 2015 • 1158
ღარიბაშვილი: ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს არ უპასუხა ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებს, თუ რატომ გადადგა, ჩაერია თუ არა ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი და აპირებს თუ არა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტის დატოვებას.

“მე ვფიქრობ, ჩემს გამოსვლაში ყველაფერი იყო აბსოლუტურად ნათელი. მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და სწორად შევარჩიე ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო.

ჩემი პრინციპი იყო ასეთი – ყოველთვის ვცდილობდი, რომ გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი. ასე რომ, სწორი დრო შევარჩიე. ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო და დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა. ეს თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დაიკავა და ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, რომლის ფონდ ქართუში ღარიბაშვილმა არაერთი წელიწადი იმუშავა ხელმძღვანელ პოზიციაზე. დღეს ღარიბაშვილმა უმრავლესობას მის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, რომელიც იყო მის მთავრობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. მანამდე კვირიკაშვილი ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი