ახალი ამბები

პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილის მხარს უჭერს

26 დეკემბერი, 2015 • 2760
პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილის მხარს უჭერს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მხარს უჭერს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

”ბატონ გიორგის აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები. მას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ისე პარლამენტთან ეფექტური თანამშრომლობით, და მე მინდა ბატონ გიორგის წარმატება ვუსურვო ამ გზაზე. ”

როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, მისი დამოკიდებულება გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება ისევ ისეთი, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის დროს იყო.

”ბატონი გიორგის განსასაზღვრი ინქება, როგორ ურთიერთობას აირჩევს ის ჩემთან, მაგრამ ჩემი პოლიტიკა, რა დამოკიდებულებაც იყო აქამდე ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის მიმართ, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოწოდება, მაქსიმალურად მოწოდება, რომ არის კონსტიტუციური, გამიჯნული, მაგრამ ერთმანეთზე დამოკიდებული უფლებამოსილებები და ჩვენ ეს ერთად უნდა განვახორციელოთ, ეს არ შემცვლია. ასეთი პოლიტიკა იყო და იოტისოდენადაც არ შევცვლილვარ ეს ორი წელიწადია ღარიბაშვილთან. ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, ბუნებრივია, ბატონ გიორგისთანაც. ხელისუფალმა უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან. არის თემები, რომლებიც მავალდებულებს, რომ მე იმაზე თქვენ დაგეთათბიროთ. ბუნებრივია, იგივე იქნება მომავალშიც,” – განაცხადა პრეზიდენტმა ”ქრონიკასთან” ინტერვიუში.

მარგველაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა იყო კარგი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ღარბაშვილთან პიროვნული დაძაბულობა არ ჰქონია, თუმცა ორი წლის განმავლობაში წარუმატებელი იყო მცდელობა მასთან ახლო კონტაქტისა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა. ეს თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დაიკავა და ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, რომლის ფონდ ქართუში ღარიბაშვილმა არაერთი წელიწადი იმუშავა ხელმძღვანელ პოზიციაზე. დღეს ღარიბაშვილმა უმრავლესობას მის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, რომელიც იყო მის მთავრობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. მანამდე კვირიკაშვილი ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 26 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტს მთავრობა უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი