ახალი ამბები

პრეზიდენტი ღარიბაშვილის გადადგომაზე: ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის

26 დეკემბერი, 2015 • 1859
პრეზიდენტი ღარიბაშვილის გადადგომაზე: ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა იყო კარგი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ”ქრონიკასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმირებული იყო და ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა:

”ჩემი მყისიერი რეაქცია იყო გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმირებული ვიყავი და მხარს ვუჭერდი ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დაუფიქრებლად, სწრაფად კი არ დავუჭირე მხარი… მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის. ამასთან ერთად, პერიოდი, როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდა, გარკვეულწილად ითხოვს სწრაფ ქმედებასაც იმიტომ, რომ წლის ბოლოა.”

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კვირიკაშვილის გადაწყვეტილება პარლამენტისთვის მთავრობის შემადგენლობის უცვლელად წარდგენის შესახებ იყო სწორი გადაწყვეტილება.

”კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადებაც, ჩემი აზრით, არის სწორი განცხადება იმიტომ, რომ ახლა ძალიან სწრაფ პერიოდში, ახალ წლმადე დაკომპლექტდეს მთავრობა და საქართველოს ჰყავდეს მოქმედი მთავრობა და არა მოვალეობის შემსრულებლები. შემდეგ უკვე, ბუნებრივია, შესაძლებელი იქნება პოლიტიკურმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები.”

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა. ეს თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დაიკავა და ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, რომლის ფონდ ქართუში ღარიბაშვილმა არაერთი წელიწადი იმუშავა ხელმძღვანელ პოზიციაზე. დღეს ღარიბაშვილმა უმრავლესობას მის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა, რომელიც იყო მის მთავრობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. მანამდე კვირიკაშვილი ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 26 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტს მთავრობა უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძე წარადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი