საზოგადოების ნაწილი 25 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანთა მხარდასაჭერი აქციის გამართვას გეგმავს. აქციის ორგანიზებას, დაგეგმვასა და ჩატარებას თბილისის ფორუმზე (forum.ge) 34 გვერდი ეძღვნება.
ფორუმიდან ირკვევა, რომ ვეტერანებისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მსურველები 25 იანვრამდე რამდენიმე შეკრების გამართვას გეგმავენ, რომელზეც აქციის დეტალებზე შეთანხმდებიან.
იგეგმება იმ მოთხოვნებზე შეთანხმებაც, რომლებსაც აქციის წევრები 25 იანვარს გაახმოვანებენ.
სავარაუდოდ, აქციაზე სიმბოლურად გაუშვებენ საჰაერო ბურთს წარწერით ,,25’’, იმის გამოსახატავად, რომ 3 იანვარს სამართალდამცავმა ორგანოებმა მოშიმშილე ვეტერანთა აქცია უკანონოდ დაარბიეს და დაარღვიეს კონსტიტუციის 25-ე მუხლი. კონსტიტუციის ამ მუხლის მიხედვით, სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლების გარდა, ყველა პირს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გარანტირებული აქვს.
ომის ვეტერანები გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის წინ, შიმშილობის აქციას 27 დეკემბრიდან მართავდნენ. 3 იანვარს აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია.