ახალი ამბები

ელისაშვილის თქმით, ამონაწერი მის ტელეფონზე 591… ნომრიდან SMS-ების გაგზავნას ადასტურებს

17 დეკემბერი, 2015 • 3041
ელისაშვილის თქმით, ამონაწერი მის ტელეფონზე 591… ნომრიდან SMS-ების გაგზავნას ადასტურებს

საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ მაგთიკომიდან მიიღო ოფიციალური სატელეფონო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 30 აპრილს ერთ-ერთი პოლიტიკოსისაგან 4 SMS აქვს მიღებული. თუმცა ელისაშვილი ნომერს ბოლომდე არ ასახელებს. ასევე უცნობია SMS-ების ზუსტი შინაარსი, რადგან სატელეფონო ამონაწერით ასეთი ინფორმაცია არ მოიპოვება.

“2014 წლის 30 აპრილს არის შემოსული SMS. 591-ზე იწყება ეს ნომერი. დანარჩენს გაიგებენ ისინი, ვინც საჭიროა. 2014 წლის 30 აპრილს, 14:36 საათზეა შემოსული მესიჯი… 4 მესიჯი ზედიზედ შემოვიდა, ანუ გრძელი SMS. 800-ს სიმბოლოზე მეტია, სადაც კატეგორიულ, ისტერიულ ტონში იყო ჩემგან მოთხოვნა, რომ ეს საქმე განსაკუთრებული წესით გამეტანა. მე ვუპასუხე 16:15 საათზე, დაახლოებით 2 საათისა და 30 წუთის შემდეგ და რატომ: ამ პერიოდში ეს მესიჯი მე შევუტანე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და პრეზიდენტს. ამ ყველაფერზე მე მინდა პასუხი”, – განაცხადა ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემაში.

ელისაშვილის თქმით, მის ნომერზე კონკრეტული ადრესატისაგან SMS-ების შესვლის ფაქტი დასტურდება. ახლა უკვე ჯერი პროკურატურაზეა. მისი თქმით, თუ პროკურატურა იტყვის, რომ ძველი შეტყობინებების აღდგენა ვერ ხერხდება, ამას არავინ დაიჯერებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები გააჩნია.

2013 წლის 4 დეკემბერს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გავრცელებული აქვს განცხადება, რომლის მიხედვითაც 3 400 – მდე დასახელების მობილური ტელეფონიდან და სიმბარათიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა/ამოღება შესაძლებელი გახდა.

ტექსტის მიხედვით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი წაშლილი კონტაქტების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, გასული, შემოსული და გამოტოვებული ზარების, ფოტო, ვიდეო და აუდიოფაილების აღდგენას გულისხმობს.

ბიუროს ინფორმაციით, მობილურ ტელეფონში ინფორმაციის აღდგენა ახალი ხელსაწყოს საშუალებით ხდება.

„საქართველოში მხოლოდ ჩვენთან, მობილური ტელეფონის გამოშვების თარიღის, ფირმის და პარამეტრების მიუხედავად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის ლაბორატორიის ახალი ხელსაწყოს UNIVERSAL FORENSICS EXTRACTION DEVICE (UFED) დახმარებით, შესაძლებელია წაშლილი კონტაქტების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ფოტო, ვიდეო და აუდიოფაილების აღდგენა. ამ სერვისს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნებისმიერ მსურველს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ახალი მოდული- UFED CHINEX შეიძინა, რომლის მეშვეობითაც ჩინური წარმოების ტელეფონებიდანაც შეგვიძლია წაშლილი და დაზიანებული ინფორმაციის აღდგენა/ამოღება“, – განაცხადეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2013 წელს.

“ძალიან უხერხულ დღეში ჩავარდება პროკურატურა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რომც წაშალონ, იმასაც დავუდასტურებ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი