ახალი ამბები

ომბუდსმენი პრეზიდენტს შეწყალების პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

17 სექტემბერი, 2019 • 964
ომბუდსმენი პრეზიდენტს შეწყალების პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა უზრუნველყოს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში არის ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

“აღნიშნულმა ფაქტებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა მოგვიანებით შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას – იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.

ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს.

ამ თემაზე:

ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი