იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის ერთი ძებნილია.
“მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ როგორც აღდგომის და ახალი წლის შეწყალებისას, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა ჩვენგან აზრს – ესა და ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს სახლში? ნამდვილად ავად არის? ნამდვილად სიმსივნე აქვს თუ არა? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია ეს მისთვის. ამ შემთხვევაში ამგვარი კონტაქტიც არ შემდგარა. მარიამობის შეწყალებაზე ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი”, – განაცხადა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
წულუკიანმა ძებნილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირი 2009-10 წლიდან იძებნება.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პრეზიდენტი თავად საუბრობდა შეწყალების სისტემის რეფორმის საიჭროებაზე, თუმცა ეს ინიციატივა ზაფხულიდან შეჩერდა. წულუკიანის თქმით, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სჭირდება თუ არა შეწყალების კომისია, რომელიც იანვრის შემდეგ ფაქტობრივად გაუქმებულია და მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, რადგან პრეზიდენტს რეალური ადამიანები კომისიაში დასახელებული არ ჰყავს.
“კომისია რადგან არ არსებობს, ვერც იმას ვამბობ, რომ კომისია ცუდია. არის ორი გზა, ან პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ასეთი კომისია ჰყავდეს. თუ გადაწყდება, რომ კომისია არ არსებობს, მაშინ გასაწერი იქნება მკაფიო კრიტერიუმები, რა შემთხვევაში აქვს პრეზიდენტს შეწყალების უფლება. იმიტომ რომ, შეწყალების უფლება ვერ იქნება ულიმიტო და უსაზღვრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივალთ ისეთ სამწუხარო შედეგებამდე, როგორც მარიამობის შეწყალებაზე, როცა მკვლელობის მუხლით გასამართლებული 3 ადამიანი იქნა შეწყალებული”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, თუ პრეზიდენტის გადაწყვეტს, რომ კომისია სჭირდება, ის ხელოვანი ადამიანებით კი არ უნდა დაკომპლექტდეს, არამედ პედაგოგებით, სოციალური მუშაკებით, ფსიქოლოგებით და ფსიქიატრებით.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
ამავე თემაზე:
ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა – ადვოკატი