ახალი ამბები

ინსტრუქციები მუნიციპალიტეტებისთვის

17 დეკემბერი, 2010 • 1209
ინსტრუქციები მუნიციპალიტეტებისთვის

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუმცირდათ  უფლება, თვითონ გადაწყვიტონ მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხები.

საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მკაფიოდ განსაზღვრავს საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც თვითმმართელ ორგანოებს ევალებათ.  მათ შორისაა: ადგილობრივი გზების შენახვა-მშენებლობა, განათება, პარკირების ადგილების განსაზღვრა, ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელის მინიჭება და ნუმერაცია, ასევე, ურბანული განვითარება. ცენტრალური ხელისუფლება კი წყვეტს:  ადგილობრივი მნიშვნელობის სოციალური პროგრამების განხორციელების,  კულტურის ცენტრების მოვლა-პატრონობის და კიდევ ათეულობით საკითხს.  სწორედ ეს დაასკვნეს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა მიმდინარე წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის პრეზენტაცია დღეს სასტურმო რედისონში გაიმართა.

კვლევა სახელწოდებით –ადგილობრივი თვითმმართველობის მიწოდების სტანდარტები სოროსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მასზე იმუშავეს სპეციალისტებმა: დავით ნარმანიამ, დავით ლოსაბერიძემ, მიხეილ ძაგანიამ და სხვებმა.

კვლევის მიხედვით, ქართული თვითმმართველობის ორგანოები საზოგადოებრივი სერვისის მიწოდების სფეროში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მხოლოდ საკითხთა 35%-ის შესახებ იღებენ.  ამ მხრივ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა მეზობელ სახელმწიფოთა შორის ბოლო ადგილზეა. უკრაინის თვითთმმართველი ორგანოების გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილება  საკითხთა 100%-ზე ვრცელდება, პოლონეთში – 98%–ზე, რუსეთში – 87%, ესტონეთში – 74%, ტაჯიკეთში – 72%, აზერბაიჯანში – 65%, სომხეთში – 63%.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დავით ნარმანიას თქმით, თვითმმართველობის ორგანოებში არ არსებობენ ის მინიმალური წესები და სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებას სერვისი უნდა მიეწოდებოდეს. მსგავსი სერვისები ადამიანთა მოთხოვნებს ნაკლებადაა მორგებული.

„ჩვენ შევიმუშავეთ მინიმალური წესები, თუ როგორი სერვისი მიაწოდოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობას. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის კვლევა. კარგი იქნება, თუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ რეკომენდაციებს თვითმმართველობის ორგანოებს შესთავაზებს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ბევრ სფეროში ხელისუფლება კვლავ ძველი, საბჭოთა სტანდარტებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის 15 აპრილს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის   ეროვნული სააგენტო სტანდარტიზაციის ევროპული სააგენტოს (CEN) წევრი გახდა.  მასში გაწევრიანებით ხელმისაწვდომი ხდება ევროპული რეგულაციები. ქართულმა მხარემ 2009 წელს აღნიშნული სააგენტოსგან მიიღო ევროპული სტანდარტების სრული ბაზა, რომელთა კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, პრაქტიკაში კი, ჯერჯერობით, სრულად არ განხორციელებულა.

კავკასიის ეკონომიკურმა და სოციალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის შეიმუშავა ინსტრუქციები არაერთ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხებია: სანიაღვრე სისტემების დაპროექტება, ქალაქების, სოფლების და სხვა გარე დასახლებების გარე განათების პროექტირება, ქუჩებისა და  გზების პროექტირება, ქუჩების სახელდების და ნუმერაციის, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკურ-ნორმატიული ინსტრუქცია.

რეკომენდაციებში წერია, მაგალითად, როგორ უნდა დაინომროს ქუჩები, რა პრინციპით უნდა შეეცვალოს ქუჩებსა და მოედნებს სახელები, როგორ ითარგმნოს ქუჩის დასახელებები და ა.შ.  დავით ნარმანიას თქმით, ზოგიერთ ტურისტულ სააგენტოს „თავისუფლების მოედანი“ უწერია როგორც Freedom square, ზოგს – tavsiuflebis moedani, ნაწილს კი – tavisuflebis square. მისი აზრით, არასწორია, როცა დავით აღმაშენებლის ძეგლს David The Builder აწერია. დავითი იყო აღმაშენებელი და არა – მშენებელი.

პრეზენტაციაზე მყოფმა სტუმრებმა, ასევე, გაიხსენეს, რომ ფარნავაზ მეფის ქუჩა ზოგიერთ აბრაზე აღნიშნულია როგორც „ფ. მეფის ქუჩა“. სპეციალისტების აზრით, ეს იმის ბრალია, რომ ქვეყანაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით არანაირი სტანდარტი არ არსებობს.

დავით ნარმანიამ, ასევე, განაცხადა, რომ ამ მხრივ მუშაობა მხოლოდ კვლევის გამოქვეყნებით არ დასრულდება. ის უკვე შეხვდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს. მას იმედი აქვს, რომ მომზადებული რეკომენდაციები თუ სტანდარტად არ იქცევა, მას მუნიციპალიტეტების რეკომენდაციების სახით მაინც გამოიყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი