ახალი ამბები

დაპირისპირება თსუ-ში ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის დათხოვნის გამო

3 დეკემბერი, 2015 • 2778
დაპირისპირება თსუ-ში ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის დათხოვნის გამო

მარიამ გერსამიას თქმით, ის თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელობიდან სოციალურ ქსელში მისი სტატუსების გამო დაითხოვეს, რასაც არ ეთანხმება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თამარ დოლბაია. მისი თქმით, ეს თანამდებობა არჩევითი გახდა და ამან განაპირობა ცვლილება.

მარიამ გერსამია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საბჭოს წევრებმა 1 დეკემბერს გადაირჩიეს. გერსამიას თქმით, ამის თაობაზე მისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა. იგი დარწმუნებულია, რომ გადაყენების მიზეზი ფეისბუკში მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსები გახდა.

მისი თქმით, თავად საბჭოს წევრებმა მასთან საუბრისას თქვეს, რომ ის გახდა პრობლემა ფეისბუქზე დაფიქსირებული პოზიციის გამო და  არსებობს ამის სტენოგრამაც.

“იმიტომ, რომ მე ვარ მიუღებელი დეკანისთვის და ჩემი იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. ამის შემდეგ ჩემგან დამოუკიდებლად დაინიშნა არჩევნები. დებულებით განსაზღვრული არის, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი უნდა აირჩეს 2 წლის ვადით. მე თავისთავად არჩევნების მომხრე ვარ, მაგრამ რეგულაციებით უნდა იყოს გამართული ეს პროცესი. უნივერსიტეტის წესდების მიხედვით არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ, საჯაროდ, კონკურსის წესით,” – ამბობს გერსამია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“თხამ ვენახი კი არადა, საბჭოთა სუს-მა თსუ შეჭამა”, – ეს სტატუსი გერსამიამ 20 ნოემბერს გამოაქვეყნა. “რუსთავი 2″-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: “გამოკვეთილია უნივერსიტეტის მმართველობაში არაუფლებამოსილი პირების უხეშად ჩარევა. სიტუაცია გამწვავებისკენ წავიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვიწვევ პრაქტიკოს ჟურნალისტებს მაღალრეიტინგული ტელევიზიებიდან”.

ნეტგაზეთთან საუბარში მან განმარტა, რომ კონკრეტულ პოსტში გულისხმობდა მართვის საბჭოურ მეთოდებს, ხოლო უფლებამოსილების გადამატებაში კი ადანაშაულებს ხათუნა მაისაშვილსა და ნინო დურგლიშვილს.

“არაუფლებამოსილ პირებში ვგულისხმობდი, პირველ რიგში, ხათუნა მაისაშვილს, რომელიც არის ასისტენტ-პროფესორი და კანცელარიის თანამშრომელი და მისი უფლებამოსილება არ არის ის, რომ დავალებები მისცეს თსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, და მეორე ადამიანი არის, ნინო დურგლიშვილი, რომელიც კონკრეტულ პროფესორებს ჩემი იმპიჩმენტის და ზოგადად პროგრამის ხელმძღვანელობის გადარჩევასთან დაკავშირებით აძლევდა მითითებებს. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ის არის რექტორის ბრძანებით დანიშნული დეკანის მრჩეველი. ბუნებაში ასეთი ბრძანება არ არსებობს, რამდენადაც ვიცი,” – ამბობს მარიამ გერსამია.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, თამარ დოლბაიას განცხადებით, მარიამ გერსამიას გადაყენებასთან მისი ფეისბუკ-პოსტები არაფერ შუაშია.

“2014 წლის დებულებით, მიმართულების ხელმძღვანელობა გახდა არჩევითი თანამდებობა. ეს არის დებულებით გაწერილი მოვლენა და ყველა მიმართულებაზე ასე ხდება. მე მიმართულების სხდომისგან მივიღე ოქმი და ეს ოქმი დავამტკიცე,” – განაცხადა თამარ დოლბაიამ.

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საბჭოს სხდომას მარიამ გერსამია ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ პოზიციის დატოვება მოუხდა 25 ოქტომბერს საბჭოს წევრებთან უთანხმოების გამო. საბჭოს ახალ ხელმძღვანელად ხათუნა მაისაშვილი აირჩიეს, რომელიც უძღვებოდა 1 დეკემბრის სხდომასაც, რის შედეგადაც გერსამია დაითხოვეს.

როგორც ხათუნა მაისაშვილი ამბობს, მართალია, საბჭოს წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმ სტატუსზე, სადაც მარიამ გერსამია თავის კოლეგებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს მოიხსენიებდა სუს-თან კონტექსტში, მაგრამ  ეს არ ყოფილა გერსამიას გადარჩევის მიზეზი.

“სხდომას აქვს უფლება, როცა მოუნდება, მაშინ დანიშნოს არჩევნები. არჩევნები ეს არის პროცედურა, რომელიც გაწერილია 2014 წლის დებულებით. წლის ბოლომდე უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს, ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს არჩეული ხელმძღვანელი. ამ სხდომაზე პირველ დეკემბერს, როცა უკვე დღის წესრიგი აღარავისთვის საკამათო აღარ იყო, შეიკრიბა დეპარტამენტის საბჭო, რომელსაც ესწრებოდა 12 წევრი 17-დან და დადგა მიმართულების ხელმძღვანელის არჩევის საკითხი, რათა მიმართულებას ჰყოლოდა ლეგიტიმურად არჩეული ხელმძღვანელი. დასახელდა 4 კანდიდატურა, 3-მა მოხსნა თავისი კანდიდატი და დარჩა ნინო ჭალაგანიძე. ვუყარეთ კენჭი. 11 დაეთანხმა მის კანდიდატურას და ერთმა თავი შეიკავა,” – ამბობს ხათუნა მაისაშვილი.

მისი თქმით, მარიამ გერსამიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა და მან თავად მიწერა ამის შესახებ, მაგრამ მისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია ამ ამბავს.

მარიამ გერსამიას თანამდებობიდან გადაყენებას მიმართულების სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს შეხვდნენ. ხათუნა მაისაშვილის თქმით, თამარ დოლბაიასთან შეხვედრის შემდეგ მან სტუდენტებს დარჩენა სთხოვა.

“ეჭვის უფლება აქვთ, მით უმეტეს, როცა გარემო არის დაძაბული. ამიტომ გუშინ, მას შემდეგ, რაც დაასრულეს შეხვედრა ქ-ნ თამარ დოლბაიასთან, ვთხოვე დარჩენა აუდიტორიაში, ჩავატარეთ პატარა სხდომასავით და ჩავიწერეთ მათი შიშები, შფოთები, მოსაზრებები, სურვილები, უკმაყოფილებები, კმაყოფილებები, და ხვალ 6 საათზე იმართება შეხვედრა მიმართულების სტუდენტებთან,” – ამბობს მაისაშვილი.

მარიამ გერსამიას თქმით, თსუ-ში რჩება სრულ პროფესორად და აკადემიური საბჭოს წევრად. როგორც თავად ამბობს, უკვე მიმართა ადმინისტრაციასა და რექტორს და ელოდება ამ საკითხში მათ სამართლებრივ ჩარევას.

მარიამ გერსამია, ფოტო: მისი ფეისბუკის გვერდიდან

მარიამ გერსამია, ფოტო: მისი ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი