ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართავს სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტოს

3 დეკემბერი, 2015 • 1848
იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართავს სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტოს

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართავს მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

“ჩვენ დღეს, 3 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პრეზიდენტთან გადავაგზავნეთ დასკვნა, რომელშიც შემოთავაზებულია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, აწ უკვე უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა.

საბოლოო გადაწყვეტილება ხელმოწერით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს, თუკი ის ჩვენ მიერ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მომზადებულ დასკვნას დაეთანხმება. ჩვენ ოდესის გუბერნატორისთვის დაახლოებით ერთი თვე გვქონდა მიცემული, როგორც ამას პროცედურა ითვალისიწნებს ნებისმიერი სხვა მოქალაქის შემთხვევაში. მას წერილი 3 ნოემბერს ჩაბარდა და მას შემდეგ პასუხი არ გაუცია, ამიტომაც პროცედურა დაიძრა”, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო ოფიციალური დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც.

ამიტომ, აცხადებს წულუკიანი, სააკაშვილს აცნობებენ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი