საზოგადოება

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – პენიტენციური

14 ნოემბერი, 2021 • 930
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – პენიტენციური

სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს. ამის შესახებ პენიტენციურმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება პალატაში, რომელიც რეანიმაციის გვერდით მდებარეობს:

“განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს. პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება.

ამიტომ საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი თქმით, დღეს იყო პირველი დღე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გუშინ, 12 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის. ამის შესახებ ხერხეულიძემ “ტელეკომპანია პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მას დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად ის, რომ მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან გუშინ, 12 ნოემბერს იმყოფებოდა. მისი თქმით, 4.5 საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

ვრცლად ამ თემაზე ნახეთ:

სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ამბოლატორიის გადაკეთებულ ოთახშია – ხერხეულიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი