სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა მიზანმიმართული ქსენოფობიაა – TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი როტორიკა შეიცავს მიზანმიმართულ ქსენოფობიას, აღვივებს საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსული ადამინების წინააღმდეგ შუწყნარებლობას.

TDI განცხადებით, სააკაშვილის მიმართვები შეიცავს დაუზუსტებელ ინფორმაციას და ახდენს კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების სტიგმატიზებას.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქსენოფობიური განცხადებები განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა რადიკალური, ფაშისტური და რასისტული ჯგუფის გამრავლებისა და არატოლერანტული განწყობების გაძლიერების ფონზე.

  • 9 სექტემბრის ვიდეომიმართვაში, სააკაშვილმა საქართველოს მიგრაციულ პოლიტიკაზე ისაუბრა:

“2016 წელს 9 700 მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, ბინადრობის დროებითი ნებართვაა გაცემული. აქედან 20% დასაქმდა დაბალი კვალიფიკაციის სამშენებლო სამუშაოებზე, 20% ავტოტრანსპორტის შემკეთებლად და მექანიკოსად, 11% მმართველ დირექტორებად და მთავარ აღმასრულებელ თანამდებობებზე, 7% – მძღოლებად. ესე იგი, ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს, რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ. მე მართლა ვაძლევდი მოქალაქეობას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ნუ, უფრო ნაკლებად ირანის მოქალაქეებს, მაგრამ ესენი იყვნენ 99% ეთნიკური ქართველები.”

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები შინაარსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, მასში სელექციურად არის შერჩეული მონაცემები და წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაიცემა კონკრეტული კატეგორიების მიხედვით.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არ არის დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი. შესაძლოა სამშენებლო საქმიანობა მოიცავდეს საინვესტიციო ბინადრობის მიღების კომპონენტსაც, თუმცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვისთვის საჭიროა კანონმდებლობით დადგენილი 300 000 – ლარიანი ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნა. ამასთანავე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ეკუთვნის მუდმივი ბინადრობის ტიპების კატეგორიას და არა დროებითს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ TDI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცა სულ 15 510 განმცხადებელზე, მათ შორის წარმოშობით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არის 1 584, ხოლო წარმოშობით თურქეთის რესპუბლიკიდან 2 230 დროებითი ბინადრობის ნებართვის მიმღები.

TDI-ის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა 1 სექტემბერს კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა: “მარგველაშვილმა მე ჩამომართვა მოქალაქეობა. სამაგიეროდ, 5 000 ირანელისთვის მიუნიჭებია. გააგრძელე შენი ერის ისტორია…”

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სტატისტიკური ანალიზის თანახმად, 2005-2013 წლებში მოქალაქეობა მიენიჭა ირანის 425 მოქალაქეს, ხოლო, 2014-2017 წლებში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გაიცა ირანის 228  მოქალაქეზე, რაც ამ წლებში მოქალაქეობის მიმღებთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1 %-ს შეადგენს.

31 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა თავის მორიგ ვიდეომიმართვაში აღნიშნა: “ტურისტი დღეს საქართველოში შემოდის თავისი საჭმლით, თავისი შპროტით და ძეხვით. მანქანით შემოდის რუსეთიდან, თურქეთიდან ან ირანიდან და საქართველოში პრაქტიკულად არ ტოვებს ფულს.”

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ცნობით, რეალურად, ტურისტული სექტორის მთლიანი შემოსავალი, 2012 წლის შემდეგ პრაქტიკულად გაორმაგებულია და $2.7 მილიარდს აჭარბებს. გაზრდილია ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის წილიც და 6.9%-ს აღწევს.

2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები არაერთმა ორგანიზაციამ გააკრიტიკა. სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” განცხადებით, რომ საქართველო ყოფილი პრეზიდენტი რიგ მიმართვებში შედარების გზით დამამცირებელ და შეურაცხმოფელ კონტექსტში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფსა და ქალებს იხსენიებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააკაშვილს ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს, რომ თავი შეეკავებინა დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან.

“არა-ფობიას!” სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.