ახალი ამბები

ზურაბიშვილი საბურთალოს რაიონში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

2 დეკემბერი, 2015 • 1118
ზურაბიშვილი საბურთალოს რაიონში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი საბურთალოს რაიონში, რამდენიმე ქუჩაზე მშენებლობების ნებართვის გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.

მისი განცხადებით, აუცილებელია დოლიძე–ბახტრიონი–ხილიანის ოლქში მშენებლობების ნებართვის გაცემაზე დროებით მორატორიუმი გამოცხადდეს, რადგან ახალი კორპუსების აშენებით პრობლემები იქმნება ოლქში, როგორც გარემოს განადგურების, ასევე, მოსახლეობისთვის სახიფათო სიტუაციების შექმნის თვალსაზრისით.

დავით ზურაბიშვილმა დაასახელა ის რამდენიმე მშენებლობა, რომელთა გამო მოსახლეობა საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს, თუ დედაქალაქის მერია სათანადი ყურადღებას არ მიაქცევს.

1. ალექსიძის N1–ში მიმდინარე მშენებლობა, სადაც გზა ჩაინგრა ამ მშენებლობის გამო და დავიწროვდა.

2. ჩიქოვანის ქუჩაზე გაცემულია ნებართვა მრავალსართულიანი კორპუსის აშენებაზე. მოსახლეობის თქმით, ყოფილი საქვაბის ტერიტორიაზე, 250 კვ.მ ფართზე აპირებენ, ააშენონ ეს სახლი, რომელსაც ეზოც კი არ ექნება, მის გვერდით კი სკოლის შენობა მდებარეობს.

3. ფანასკერტელის ქუჩაზე N12ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი საბავშვო მოედნის ადგილას, ასევე იგეგმება მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. მოსახლეობის განცხადებით, N12ა კორპუსის მაცხოვრებლებს შეეძლებათ ახალი კორპუსის მობინადრეებს ხელიც კი ჩამოართვან, იმდენად ახლოს იგეგემება ამ საცხოვრებელი სახლის აშენება.

ზურაბიშვილის აზრით, სავალდებულო უნდა გახდეს, მერიის შესაბამის სამსახურში რომელიმე ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მსჯელობისას, სხდომაზე ოლქის მაჟორიტარის დასწრება.

“გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე იღებს დედაქალაქის მერია. მოსახლეობას და მაჟორიტარს ამ დროს საქმის კურსში არავინ აყენებს, შემდეგ კი – ყველა უცებ დგება ფაქტის წინაშე, როცა მშენებელი კომპანია იწყებს სამშენებლო სამუშაოებს. შესაბამისად, ეს გაურკვევლობა იწვევს სწორედ მოქალაქეების პროტესტს. რამდენადაც საკრებულოს დეპუტატს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა თემაზე, რაც ხდება მის საარჩევნო ოლქში, მოსახლეობაც მას აკითხავს პრობლემების მოსაგვარებლად,”- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი