ახალი ამბები

აბიტურიენტი+100%გრანტი=სასურველ ფაკულტეტს

8 დეკემბერი, 2010 • • 2421
აბიტურიენტი+100%გრანტი=სასურველ ფაკულტეტს

მომავალი წლიდან ბიზნესის, ჯანდაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიულ ფაკულტეტბზე სახელმწიფო დაფინანსებით სწავლას  მხოლოდ 100% გრანტის მფლობელი აბიტურიენტი შეძლებს. ნაწილობრივ– 70-იან, 50-იან და 30%-იან –გრანტებს სახელმწიფო ამ ფაკულტეტებზე აღარ გასცემს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “ახალ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების განვითარებაა”.

სწორედ ამიტომ აბიტურიენტები ისეთ ფაკულტეტებზე,  რომლებიც დღეს პრესტიჟულად ითვლება, ნაწილობრივი დაფინანსებით  სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. აბიტურიენტები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე ვერ მოაგროვებენ 100%–ან გრანტს, ბიზნესის, ჯანდაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული ფაკულტეტებზე  სწავლას მხოლოდ საკუთარი თანხებით შეძლებენ.

სპეციალობებს შორის არჩევანის თავისუფლება მხოლოდ 100%-ანი სახელმწიფო გრანტის მფლობელს ექნება. ასეთ აბიტურიენტებს შეეძლებათ  განათლება მიიღონ როგორც ზემოთმოყვანილ, ისე სხვა სპეციალობებზე.

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სანდრო კვიტაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძეც ესწრებოდნენ. ორივე წარმოდგენილი ამ ცვლილებას დადებითად აფასებს.

კვიტაშვილი სწორად მიიჩნევს სამინისტროს ჩარევას ამ საკითხში და ამბობს, რომ სახელმწიფომ ფინანსები თავისი ინტერესიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს.

,,სწორია, რომ სახელმწიფო ერევა ამ სიტუაციაში. 70-80–ან წლებში ჯანდაცვის სფეროში  კოლოსალური რაოდენობის ექიმები გამოვუშვით ქვეყანაში და მერე მოხდა ისე, რომ პრაქტიკულად ვერ დავასაქმეთ’’, – ამბობს კვიტაშვილი.

თევზაძე ფიქრობს, რომ სამინისტროს შეზღუდვები 100%-იანი გრანტის შემთხვევაშიც უნდა დაეწესებინა. ილიას უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, რომ ცვლილება იქნება სტიმული აბიტურიენტებისთვის,  უფრო მეცნიერების მიმართულებით წავიდნენ.

ილიას უნივერსიტეტის ლექტორი სიმონ ჯანაშია საკითხს ორი მხრიდან განიხილავს. მიზი აზრით, პრინციპი, რომ სახელწიფო ფინანსების გაცემა ამ სფეროებში არ არის საჭირო, სწორად მიაჩნია, თუმცა ამბობს, რომ აქ გასათვალისწინებელია, თუ რამდენად შეუწყობს ეს ცვლილება ხელს საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას. ჯანაშიას აზრით, გრანტების განაწილების ასეთი პრინციპი ვერ აამაღლებს აბიტურიენტთა სურვილს, ჩააბარონ ზუსტ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე, რადგან ,,ადამიანები ფიზიკას არ სწავლობენ გრანტის გამო, არამედ მოტივაციის გამო’’.

თუ ადამიანი  საუკეთესოა, ამ შემთხვევაში მისი ეს თვისება 100%–ანი გარნტის აღების შემთხვევაშიც ვლინდება, მას რჩება უფლება, ერთდოულად ისწავლოს სასურველ ფაკულტეტზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსებაც.

ჯანაშია ამბობს, რომ საუკეთესოებში შესაძლოა უმეტესად ისეთი აბიტურიენტები მოხვდენენ, რომლებიც უფრო შეძლებული ოჯახებიდან არიან და მეტი საშუალება აქვთ, უკეთ მოემზადონ გამოცდებისთვის.  ,,ანუ გამოდის, რომ სახელმწიფო დააფინანსებს მათ, ვისაც რეალურად საკუთარი სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა აქვს’’.

ჯანაშია ამბობს, რომ სახელმწიფო არასამართლიანად ანაწილებს რესურსებს ამ შემთხვევაში და ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული დაყოფის შენარჩუნებას.

მისი აზრით, სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს გაუჭირდებათ სასურველი ფაკულტეტის არჩევა, რადგან ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, მათ შესაძლოა ვერ შეძლონ გამოცდებზე სრული სახელმწიფო დაფინანსების მიღება და მეორე შემთხვევაში დასჭირდეთ სესხის ბანკიდან აღება.

სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ამ სტატუსის გამო, სახელმწიფო მათ უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადი თანხის ნახევარს უფინანსებს.

სახელმწიფო გრანტის გაცემის პრინციპი  2011-2015 წლების სამოქმედო გეგმაა.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი