ახალი ამბები

სამინისტრო მწერალთა სახლს ლიტერატურული პრემია „მუზას“ ჩასატარებლად 100 ათას ლარს გამოუყოფს

7 სექტემბერი, 2023 • 1370
სამინისტრო მწერალთა სახლს ლიტერატურული პრემია „მუზას“ ჩასატარებლად 100 ათას ლარს გამოუყოფს

საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურს „მუზას“ მწერალთა სახლი ჩაატარებს. უწყების ცნობით, კონკურსის ბიუჯეტი 100 000 ლარით განისაზღვრა.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ჯანსაღი სალიტერატურო პროცესების ხელშეწყობაა და მათი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს ან/და მის მმართველობაში მოქმედი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ლიტერატურული პროექტები და კონკურსები.

განცხადებაში კულტურის სამინისტრო კონკურს „ლიტერას“ იხსენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატურული კონკურსი იყო, რომლის დაფინანსებაც კულტურის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო, ხოლო კონკურსს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ მწერალთა სახლი ატარებდა. თუმცა, კულტურის სამინისტროს თქმით, მწერალთა სახლმა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა “სამინისტროსთან დაპირისპირების გზა” აირჩიეს და 2021 წელს აღარ მოისურვეს „ლიტერას“ შენარჩუნება მწერალთა სახლის ფარგლებში.

განცხადების ავტორთა თქმით, 2022 წელს, ქეთევან დუმბაძის აქტიური მონაწილეობითვე და სოსო ჭუმბურიძესთან თანამშრომლობის შედეგად, გადაწყდა, რომ კონკურსი უფრო მასშტაბური გამხდარიყო, გაზრდილიყო მისი ბიუჯეტი, გაზრდილიყო ნომინაციების რაოდენობაც და დაარსებულიყო უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო პრემია – „მუზა“, რომლის სიმბოლოდაც მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება იქცეოდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიტერატურული კონკურსის – „მუზა“ უმთავრესი მიზნებია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, მწერალთა/მთარგმნელთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება და ახალ ნიჭიერ ავტორთა გამოვლენა. მისი ბიუჯეტი კი 100 000 ლარით განისაზღვრა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასულ წელს კონკურსში „მუზა“ 130-ზე მეტი მწერალი და მთარგმნელი მონაწილეობდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სსიპ მწერალთა სახლში ახალი ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის, დანიშვნის შემდეგ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2023 წლიდან სამინისტროს მიერ სახელმწიფო პრემიის ლაურეატების გამოსავლენად დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს „მუზა“ ჩაატარებს მწერალთა სახლი, რისთვისაც მას გადაეცემა საბიუჯეტო სახსრები 100 000 ლარის ოდენობით.


მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის (ლიტერა) ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა, პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. ამ მიზეზის გამო მწერლების უმეტესობამ, მათ შორის, ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ, „ლიტერადან“ თავიანთი ნაწარმოებები მოხსნეს.

გარდა მწერლებისა, კონკურსი დატოვა ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხმა. ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. საბოლოოდ კი 2021 წლის „ლიტერა“ ჩაიშალა. 

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი